Accessibility links

ახალი ამბები

მოკლულია ლიბიის მეამბოხეთა შეიარაღებული ძალების ლიდერი

ლიბიის მეამბოხე მთავრობის ლიდერის თქმით, ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირებმა დახოცეს მეამბოხეთა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, აბდელ ფატა იონსი და მისი ორი თანაშემწე. იონსის მკვლელობის შესახებ განცხადება მეამბოხეთა დედაქალაქ ბენღაზიში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდა. მეამბოხეების მიერვე გავრცელებული ცნობით, მეამბოხეთა უსაფრთხოების ძალებმა შესძლეს მკვლელობის ჩამდენი ჯგუფის ლიდერის დაკავება. იონსი წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თებერვალში კი მეამბოხეების მხარეს გადავიდა. თავის დროზე, 1969 წელს, ის იმ ჯგუფში შედიოდა, რომელმაც მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი.

ყველა ახალი ამბავი

ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის ჯანმრთელობა გაუარესებულია

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელში წერს, ბაქოს ციხეში მყოფი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. და რომ ის ამ დრომდე არ მოუნახულებია ციხის ექიმს.

ლეილა მუსტაფაევა წერს, რომ აფგან მუხთარლის აწუხებს მაღალი წნევა, დაეწყო თვალების ტკივილი, მას აქვს დიაბეტი.

აფგან მუხთარლი უცნობმა პირებმა თბილისიდან 2018 წლის 29 მაისს გაიატაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბოლოს კი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით.

მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარემოს დაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს ნუ დაწვავენ საბურავებს „ჭიაკოკონობის“ ღამეს

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

გაფრთხილება უკავშირდება აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათის ტრადიციულ რიტუალს - „ჭიაკოკონობას“.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ასეთი ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

"1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი“, - წერს გარემოს დაცვის სამინისტრო.

ჯარიმა კანონის დამრღვევებისთვის 200-დან 500 ლარამდეა.

საქართველოს მოქალაქეები პორტუგალიაში შესაძლოა ლეგალურად დასაქმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს დროებით ლეგალურად დასაქმების სფეროში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, ცირკულარული მიგრაციის საკითხი 22 აპრილს, ლისაბონში განიხილეს პორტუგალიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ და დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და იგეგმება პორტუგალიაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის დროსაც შეთანხმდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

„უახლოეს პერიოდში დაიწყება ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები, რასაც სავარაუდოდ, შედეგად მოჰყვება პორტუგალიასთან შეთანხმების გაფორმება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ მოხდეს პორტუგალიაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ლეგალურად დასაქმება,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, პორტუგალია იქნება ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველო შეთანხმებას გააფორმებს.

„ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებასაც“ - თქვა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს შეთანხმების აღსრულება.

დავით ზალკალიანის ცნობით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან და დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებებია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ისრაელთან.

ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზი

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირების და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.

ამ საკითხს „ევროპული საქართველო“ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დასვამს.

პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, ტრაგედია დაკავშირებული იყო საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ზეწოლასთან, პროკურატურა კი უმოქმედოა, ამიტომ მოკვლევა პარლამენტმა უნდა დაიწყოს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე ალტერნატიული მექანიზმის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ჯაშის განცხადებით, უნდა დაელოდონ გამოძიების დასრულებას და თუკი ამის შემდეგ შეკითხვები დარჩება, მზად არის ხელი შეუწყოს მათზე პასუხის გაცემას.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

აშშ-მა ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა

ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-მა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა შოუმენს და პროდიუსერს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე, ნათქვამია, რომ აშშ უკრაინელ ხალხს ულოცავს ჩატარებას ისეთი არჩევნებისა, რომელიც ასახავს უკრაინაში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობას 2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ და რუსეთის აგრესიიდან ხუთი წლის შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, არჩევნები მშვიდობიანი და კონკურენტული იყო და მისმა შედეგმა ხალხის ნება ასახა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.

აშშ მოელის ერთობლივ მუშაობას უკრაინის ახალ პრეზიდენტთან საერთო მიზნების მისაღწევად - უსაფრთხო, აყვავებული, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინისთვის.

21 აპრილს ჩატარებულ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების 73%-ზე მეტით გაიმარჯვა.

საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გოჩა ფიდიური ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გოჩა ფიდიური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებია. 20 აპრილს იგი საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლომისის სალოცავთან იმყოფებოდა, როცა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სოფელი მეჯვრისხევი ოკუპაციის ხაზს მიღმა მდებარე სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ, ბაზაზე მყოფი რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები კი გამყოფი ხაზის გასწვრივ ხშირად პატრულირებენ.

ფიდიურის დაკავებისთანავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი ამოქმედდა, ქართველმა სამართალდამცავებმა კი მისი გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები დაიწყეს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ფიდიური ქართველ პოლიციელებს გადასცეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მისი გამოკითხვის შემდეგ ფიდიური საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: დაკავებული ვიყავი

21 აპრილს სამართალდამცველებს 3 საათის მანძილზე ვყავდი დაკავებული, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე . მისი თქმით, ეს ფაქტი კვირას შეგნებულად დამალა იმის გამო, რომ პანკისის ხეობაში არსებული ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბულიყო.

„გომბორის უღელტეხილზე დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით... როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ-მეთქი , არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან დარეკვა.

ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლება მქონდა აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში. მანქანიდან არ გადმოვუყვანივარ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, პანკისელებს მისი დაკავების ფაქტი რომ გაეგოთ, ამას ხეობაში „ძალიან, ძალიან დიდი ამბავი“ მოჰყვებოდა და შესაძლოა ხალხის შეჩერება მერე მას თავადაც გასჭირვებოდა.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში დაძაბული მოვლენების ფონზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. თუმცა მოგვიანებით, ეს ფაქტი უარყო თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმაც.

აქცია პარლამენტთან: პანკისში მხოლოდ ხელისუფლების დანაშაულია გამოსაძიებელი

პანკისელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. გარემოსდამცველებმა და აქტივისტებმა დაგმეს 21 აპრილს ხეობაში გამოვლენილი ძალადობა, ჰესის მშენებლობის გეგმა და ხელისუფლების მხრიდან ხალხის ნების იგნორირება.

აქციის ორგანიზატორმა, გარემოსდამცველმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც კვირას პანკისის ხეობაში მოხდა.

„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, კვლავ არ დაძაბოს სიტუაცია, არ მოახდინოს ძალადობის პროვოცირება და ხელი არ დაადოს პანკისის ხეობის არცერთ მოსახლეს.

ლაშა ჩხარტიშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისელებს მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას, არ დაამძიმეს სიტუაცია და ამასთანავე, მთელი საქართველოსთვის იცავენ ჩვენს უნიკალურ კუთხეს, უნიკალური ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით...

რა თქმა უნდა, გამოძიება საჭიროა, მაგრამ დამნაშავე ცნობილია - თავდასხმა მოხდა ხელისუფლების მხრიდან, შსს-ს მხრიდან, სპეცრაზმის მხრიდან... ხოლო თავდაცვის უფლება გააჩნია თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეებისთვის გასაგებია, თუ რატომ ეწინააღმდეგება ჰესის მშენებლობას პანკისის ხეობის მოსახლეობა. "ასეთ შემთხვევაში სოფელ ბირკიანს აღარ ექნება წყალი, უწყლოდ კი ხალხი გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდება", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სასაზღვრო უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ

სააკაშვილი შეგინის სასაზღვრო საგუშაგოსთან 2017 წელი

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ მიხელ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლაზე ფიქრობს, არ აქვს კანონიერი უფლება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა.

უწყების პრესსამსახური შეახსენებს, რომ სააკაშვილმა 2017 წელს უკანონოდ გადალახა სახელმწიფო საზღვარი პოლონეთიდან უკრაინაში, რაც დადასტურებულია ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების მიერ.

ამ კანონდარღვევისთვის მას 2021 წლამდე ეკრძალება უკრაინაში შესვლა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა - ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში.

კრემლში „ნაადრევს“ უწოდებენ ზელენსკისათვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნაადრევს უწოდებენ მილოცვას ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად მოუგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს.

ჯერჯერობით ნაადრევია პრეზიდენტ პუტინის მიერ ბატონ ზელენსკისათვის მილოცვაზე და, ასევე, ერთობლივ მუშაობაზე“, - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ზელენსკის შესახებ „მისი კონკრეტული საქმეებით იმსჯელებენ“.

მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა აჩვენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა 21 აპრილის არჩევნებში, მსოფლიო ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა მიულოცა უკრაინის მომავალ პრეზიდენტს. არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრი. დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის არჩევით გაჩნდა მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი.

„მთავარი, რაც უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას უნდა ვუსურვოთ, კეთილგონიერებაა. და რა თქმა უნდა, გააზრება ჩვენი ქვეყნების ხალხთა ურთიერთობის ფასეულობებისა, რაც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა უნდა იყოს“ - დაწერა მედვედევმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამ მუხლის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

სტევო პენდაროვსკი და გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში 5 მაისს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბალკანეთის ამ სახელმწიფოში გამართულ არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პროდასავლური ორიენტაციის სტევო პენდაროვსკი და მისი კონსერვატორი ოპონენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა. ბიულეტენების 99,96 %-ის დათვლის შემდეგპენდაროვსკის წილად ხვდა ხმების 42,84%-ი, სილიანოვსკა-დავკოვას 42,24%-ი პროცენტი.

პენდაროვსკი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია, მტკიცედ უჭერდა მხარს საბერძნეთთან შეთანხმებას ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მაკედონიას გზას უხსნის ევროკავშირისა და ნატოსკენ.

კონსერვატიული შეხედულებების სილიანოვსკა-დავკოვა, სამართლის პროფესორი, რომელიც დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერით სარგებლობს და ცნობილია თავის შეურიგებელი პოზიციით სახელწოდება „მაკედონიის“ შეცვლისა „ჩრდილოეთ მაკედონიით“.

სალომე ზურაბიშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ერთი არ არის გათვალისწინებული

22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 5 ძირითადი რეკომენდაციიდან 4 გაითვალისწინა.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეორე მოსმენის პროცესში ჩაერთო და კონსულტაციები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. შედეგად, ზურაბიშვილის განცხადებით, დამატებით გათვალისწინებულია სამი რეკომენდაცია.

"მოსამართლეების კანდიდატებზე მიღებულ იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა, ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს შეუძლია. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ ხუთი ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს".

პრეზიდენტის განცხადებით, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია "ქმნის ერთგვარ უხერხულობას", რადგან ფარული კენჭისყრა. 2014 წელს სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო.

ზელენსკის უკრაინაში ხმის უფლების მქონეთა 73 პროცენტზე მეტმა დაუჭირა

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს შოუმენი, პოლიტიკური ახალბედა, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ბიულეტების 99,70 %-ის დათვლის შედეგად, ზელენსკის მიემხრო, 73,21 %.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24.46 %-მა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 62 %.

თეთრ სახლმა გადაწყვიტა აღარ გასცეს ირანის ნავთობის შესყიდვის განსაკუთრებული უფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, მაისიდან აღარ გასცეს თავისი სანქციების გვერდის ავლით ირანის ნავთობის შესყიდვის განსაკუთრებული უფლება.

აშშ, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამირო შეთანხმდნენ, დროულად მიიღონ ზომები, რათა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ბაზრიდან ირანის ნავთობის გამორიცხვის შემდეგ, წაიკითხავთ თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ "გადაწყვეტილების მიზანია, დაყვანილ იქნეს ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე, რათა გადაეკეტოს რეჟიმს შემოსავლის მთავარი წყარო“. გადაწყვეტილების თანახმად, ხუთ ქვეყანას, ჩინეთს, ინდოეთს, ასევე აშშ-ის მოკავშირეებს, ინდოეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და თურქეთს 2 მაისიდან აღარ ექნებათ განსაკუთრებული უფლება, აშშ-ის სანქციების მიუხედავად შეიძინონ ნავთობი ირანში.

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მას ჰქონდა „საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ასევე სხვა მთავარ მწარმოებლებთან ფართო და პროდუქტიული მოლაპარაკება გადამავალი პერიოდის შესამსუბუქებლად და საკმარისი მომარაგების უზრუნველსაყოფად“.

აშშ-ის სენატორი ტედ კრუზი მიესალმა ირანის ნავთობის სანქციების გვერდის ავლის შეჩერების გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დაუკარგავს აიათოლებს მილიარდობით დოლარს, რომელსაც ისინი დახარჯავდნენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განსავითარებლად და გლობალურ ტერორიზმის დასაფინანსებლად“.

22 აპრილს განცხადებაში, პომპეო ამბობს, რომ გავაგრძელებთ მაქსიმალურ ზეწოლას ირანის რეჟიმზე, სარამ მისი ლიდერები დესტრუქციულ მოქცევას არ შეიცვლიან, პატივს არ სცემენ ირანის ხალხს და არ დაბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან.

ირანისთვის ნავთობის ექსპორტი შემოსავალის მთავარი წყაროა და თეირანისთვის დიდი დარტყმა იყო აშშ-ის მიერ სანქციების კვლავ ამოქმედება. პომპეოს განცხადების წინ ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა ირანის სააგენტო თასნიმს, რომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ექსპორტის მთლიანად შეჩერებას.

სალომე ზურაბიშვილი პანკისზე: ჰესის მშენებლობას გეოლოგიური კვლევა უნდა ამყარებდეს

"ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს 22 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით იმოქმედებს და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ისე განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია პოლიციელებზე ძალადობა:

"მითუმეტეს, მიუღებელია ისეთ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ევროპული საქართველო" პარლამენტში იბარებს შს და ეკონომიკის მინისტრებს

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პარლამენტში მივიდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და უპასუხონ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაგროვილ შეკითხვებს.

"გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმე გადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერ ასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ამ რეგიონში ყველაზე სახიფათოა უსამართლობის და უძალობის კომბინაცია და ორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან.

თვითონ რომ ამბობენ, ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ გუშინო, რატომ დადგნენ ამ ბეწვის ხიდზე? წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებთ - ამ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით. ეს რეგიონი მიტოვებულია და იქ ხელისუფლება კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას უკვე წლებია ვეღარ ასრულებს. ყველაზე ცუდია, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ასეთ სარისკო რეგიონში, საფუძვლიანი წარმოდგენა აქვთ, რომ ხელისუფლება არის სუსტი და თან უსამართლო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია პოლიციელებზე ნებისმიერი სახის ძალადობას დაუშვებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც უნდა იქნეს დაცული, თუმცა მისივე შეფასებით, პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

გიორგი გახარია პარლამენტში მომავალ სასესიო კვირაში მივა. მას პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 30 აპრილი-3 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგშია ასახული

აშშ გააუქმებს ირანის ნავთობის შესყიდვის გამონაკლისის სახით გაცემულ ნებართვას

ტრამპის ადმინისტრაცია ხუთ სახელმწიფოს, მათ შორის თავის მოკავშირეებს, იაპონიას, სამხრეთ კორეას და თურქეთს, მათთან ერთად ინდოეთსა და ჩინეთს, უცხადებს, რომ ვადა გაუვიდა ვაშინგტონის სანქციების მიუხედავად მათთვის მინიჭებულ გამონაკლის უფლებას, შეისყიდონ ირანის ნავთობი.

ინფორმაცია გავრცელდა სააგენტოების მიერ, რომლებიც ეყრდნობოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო განცხადებას აკეთებს 22 აპრილს. პომპეომ, 10 აპრილს თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააგრძელებს ირანზე ზეწოლას, რათა „მათი ქცევა შეცვალოს“.

ირანისთვის ნავთობის ექსპორტი შემოსავალის მთავარი წყაროა და თეირანისთვის დიდი დარტყმა იყო აშშ-ის მიერ სანქციების კვლავ ამოქმედება.

პომპეოს განცხადების წინ ირანის ნავთობის სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა ირანის სააგენტო თასნიმს, რომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ექსპორტის მთლიანად შეჩერებას.

ჩრდილოეთ ირლანდიაში გაათავისუფლეს ლაირა მაკკის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულები

ადგილი ლონდონდეილში, სადაც მოკლეს ჟურნალისტი ლაირა მაკკი.

ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციამ გაათავისუფლა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ჟურნალისტ ლაირა მაკკის მკვლელობასთან დაკავშირებით იყვნენ დაკავებული. მათთვის არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ, იტყობინება სოცქსელებში პოლიციის წარმომადგენელი ჯეისონ მერფი.

ახალგაზრდები 20 აპრილს დააკავეს. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ისინი 18 და 19 წლის არიან და რომ ისინი დააკავეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის ძალით.

29 წლის ჟურნალისტი ქალი, ლაირა მაკკი 18 აპრილს თავში გასროლით მოკლეს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერიში.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდასხმასთან კავშირი აქვს „ირლანდიის ახალ რესპუბლიკურ არმიას,“ რომელიც მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთში შემავალი ჩრდილოეთ ირლანდიის შესვლას ირლანდიის შემადგენლობაში.

ირლანდიის რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის დღის წინ პოლიცია ლონდონდერიში ატარებდა სამძებრო ოპერაციას, რომელიც რადიკალური რესპუბლიკელების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამან მოახდინა არეულობების პროვოცირება, რისი ერთადერთი მსხვერპლიც გახდა მაკკი. პოლიცია თავდასხმას ტერაქტად განიხილავს. მაკკი საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული და ლგბტ აქტვისტი იყო.

ბირკიანის მკვიდრი: ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ესენი ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო

პოლიციამ პანკისის ხეობაში თავად გამოიყენა ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ და ისინი თავიდან ქალებს დაუპირისპირდნენ - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრმა, დარეჯან ალხანაშვილმა.

„მშვიდად მოვდიოდით, გზაზე გადმოვედით, ხელში შვილები გვეჭირა. გადმოდგა ამ დროს პოლიცია. მე თვითონ ვუთხარი პოლიციას - ხელი არ შეგვახო, ხელი არ შემახოთ-მეთქი... გინდა თუ არა, ჩემი მკლავების დაჭერა უნდოდათ...

ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც თქვა, ესენი ამ ქვეყნიდან უნდა გავაძევოთო. რატომ არ გააფრთხილა გახარიამ თავისი პოლიცია, რომ წარამარა არ ილაპარაკონ და წყნარად იყვნენ?!

ან ამდენი ჯავშანტექნიკა რაში უნდოდათ ამ ერთიბეწო ხალხთან... მერე ჩვენ გზაზე გადავდექით ქალები, იმათ კიდე ტყვიები გვესროლეს...

მერე იქიდან ჩვენი ბალღებიც ატყდნენ და დაიწყო ეს აჯანყება“, - ამბობს სოფელ ბირკიანის მკვიდრი დარეჯან ალხანაშვილი.

მისი თქმით, თუკი 21 აპრილს მომხდართან დაკავშირებით ხეობაში ვინმეს დაიჭერენ, მთელი ხეობა ერთად დადგება და აჯანყდება.

„თუ ჩვენს ერთ-ერთ ბალღს ხელი დაადო, თუ მაგათ ხელი დაადეს, მაშინ მთელ ხეობას უნდა დაადონ ხელი... ყველანი ავდგებით და ჩვენ თვითონ ჩამოვალთ თბილისში, მაგისი დაჭერა არ გვინდა... ერთ-ერთს რომ ხელი დაადონ, მთელი ხეობა აჯანყდება“, - აცხადებს დარეჯან ალხანაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ - „რომ დაეკავებინათ ვინმე, განა ასე წყნარად გავჩერდებოდით?!“

„მინისტრმა ჯერ თემირლანის (მაჩალიკაშვილის) საქმე გახსნას და მერე ჩვენ მოგვთხოვოს პასუხი“, - ამბობს დარეჯან ალხანაშვილი.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.

ინციდენტის შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 40 ადამიანი მოხვდა. მათ შორის იყვნენ, როგორც სამართალდამცველები, ასევე აქციის მონაწილეები. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია. საავადმყოფოში ამ დრომდე 16 ადამიანი რჩება. აქედან 15 პოლიციელია, ხოლო ერთი აქციის მონაწილე.

სალომე ზურაბიშვილი CBS-ს მიმართავს "სამხრეთ ოსეთის" რუსეთის პროვინციად მოხსენიების გამო

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა შემაშფოთებელი უწოდა ამერიკული ტელეკომპანიის CBS-ის სერიალში „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის პროვინციად მოხსენიებას.

საუბარია ტელესერიალის „საზღვაო პოლიცია: ნიუ ორლეანის“ ერთ-ერთ სერიაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მსგავსი შეცდომა უპასუხისმგებლობაა და CBS-ს და სერიალის ავტორებს მოუწოდა, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საჭირო ცვლილება განახორციელონ.

შეხვედრა ბირკიანში: ხალხს თუ არ უნდა, ჰესი არ უნდა აშენდეს

არ უნდა ხეობას, არ უნდა გაკეთდეს ეს ჰესი - განაცხადა ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ, გია ბერძენიძემ პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში გამართულ შეხვედრაზე.

ადგილობრივ მოსახლეობას მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და პანკისის ხეობაში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად დაინტერესებული იმით, რომ ეს კონფლიქტი უბრალოდ არ გაღვივდეს. ჰესის მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით - არ უნდა ხეობას? არ უნდა გაკეთდეს. მთავრდება ამით ყველაფერი. მეც ამ აზრზე ვარ“, - განაცხადა გია ბერძენიძემ.

სოფელ ბირკიანში შეკრებილი პანკისელები აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ „ხადორი 3“-ის მშენებლობას, რადგან ჰესი სოფელს უწყლოდ დატოვებს, ხოლო ხალხს სასიცოცხლო პირობებს მოუსპობს.

„სანამ ცოცხლები ვართ, აქ ჰესი არ აშენდება“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შრი ლანკაში მოწყობილ აფეთქებებში ხელისუფლება ისლამისტურ დაჯგუფებას ადანაშაულებს

შრი ლანკის ხელისფლებამ 21 აპრილს მომხდარ აფეთქებებში პასუხისმგებლობა დააკისრა ნაკლებად ცნობილ რადიკალ-ისლამისტურ დაჯგუფებას, ჯამაათ ათ-თაუჰიდ ალ-ვათანიას.

ფეშენებელურ სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მლოცველები სააღდგომო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მომხდარი აფეთქებების შედეგად დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 290-ს, დაშავებულია სულ მცირე, 500 ადამიანი.

ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერთ-ერთმა მინისტრმა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ექსტრემისტებს მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო „ქსელმა“.

ფრანს პრესი იტყობინება, რომ აპრილის დასაწყისში უცხოეთის დაზვერვამ შრი ლანკის ხელისუფლებას შეატყობინა ისლამისტების მიერ ტერაქტების სერიის მომზადების თაობაზე. სააგენტო როიტერსის ცნობით, წინასწარი გამოძიებით, ცხრა ტერაქტიდან სულ მცირე, ექვსი თვითმკვლელებმა მოაწყვეს.

აფეთქებებთან დაკავშირებით კოლომბოსა და მის შემოგარენში დაკავებულია 24 პირი, ყველა შრი ლანკის მოქალაქეა.

დახოცილებს შორის 32 უცხოელია.

ზურაბიშვილმა ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა და უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოელის უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

21 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა ხმების 73%-ზე მეტით.

შრი ლანკაში აფეთქებების შედეგად დახოცილების რიცხვი 290-მდე გაიზარდა

შრი ლანკის პოლიციის თანახმად, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მლოცველები სააღდგომო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მომხდარი აფეთქებების შედეგად დახოცილთა რიცხვმა მიაღწია 290-ს, დაშავებულია სულ მცირე, 500 ადამიანი.

21 აპრილს მომხარ აფეთქებებთან დაკავშირებით კოლომბოსა და მის შემოგარენში დაკავებულია 24 პირი.

სულ ცხრა აფეთქება მოხდა შრი ლანკის დედაქალაქის ფეშენებელურ სასტუმროებსა და ეკლესიებში, ასევე სხვა ადგილებში. დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ, ბოლო ათ წელიწადში, ეს იყო ძალადობის ყველაზე მასშტაბული შემთხვევა, რაც ამ ქვეყანას ახსოვს.

პოლიციის წარმომადგენელმა, რუვან გუნასეერამ აფეთქების დროს მოკლულთა და დაშავებულთა გარშემო დეტალებზე არ ისაუბრა. გავრცელდა ცნობა, რომ მოკლუთაგან 32 უცხოელია, შორის ბრიტანელები და ამერიკელები არიან. გამოძიება გრძელდება გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მთავრობის მოხელეების მხრივ სადაზვერვო სამუშაოებს სათანადოდ თავი ვერ გაართვეს. პასუხიმგებლობა აფეთქებებისთვის არავის უკისრია.

თავდაცვის მინისტრმა, რუვან ვიჯევარდამ აფეთქება შეაფასა, როგორც რელიგიურ ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ტერორისტული თავდასხმა. აფეთქებათა უმეტესობა, სავარაუდოდ, თვითმკვლელებმა მოაწყვეს. პრემიერ-მინისტრის, რანილ ვიკრემესინგეს თქმით, ის შეეცდება უცხოეთის დახმარებით დაადგინოს, აქვთ თუ არა კავშირი მომხდარს საერთაშორისო ტერორიზმთან. ხელისუფლებამ შრი ლანკაში კომენტანდის საათი გამოაცხადა, შეზღუდული სოციალური ქსელების მოხმარებაც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG