Accessibility links

ახალი ამბები

პუტინი კოსმოსური პროქციის კონტროლის გაძლიერებას ითხოვს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის კოსმოსური ხომალდების წარმოების ზედამხედველობის რადიკალური გაძლიერება მოითხოვა. მან ამის შესახებ მითითება მისცა „როსკოსმოსს“, რომ რადიკალურად შეცვალონ ხარისხის კონტროლი და საინსპექციო სისტემა ხომალდების წარმოებისას. განკარგულება მოჰყვა რუსეთის სატვირთო კოსმოსური ხომალდის, ”პროგრესის” ავარიას. მას ტვირთი მიჰქონდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის, როცა აფრენიდან ხუთ წუთში აფეთქდა.

ყველა ახალი ამბავი

დასავლეთის ლიდერებმა ზელენსკის გამარჯვება მიულოცეს

ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულ ვოლოდიმირ ზელენსკის.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის მიულოცა გამარჯვება, ხოლო უკრაინელ ხალხს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები.

ვოლკერი აღნიშნავს, რომ აშშ განაგრძობს მხარადჭერას უკრაინის ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია აგრესიის წინააღმდეგ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამერიკელმა დიპლომატმა შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, პეტრო პოროშენკოს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ურთულეს დროს ქვეყნის ხელმძღვანელობისა და უკრაინელი ხალხის ნების მიღებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაა ძლიერი უკრაინული დემოკრატია.

ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგმა უკრაინას უწოდა ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდებიან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტებმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა - ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას კიევში, საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეს და ამას აუცილებლად გააკეთებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არ ჰქონია მოლაპარაკება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

სააკაშვილის შეფასებით, ზელენსკი ძალიან გონიერი, ღრმა ადამიანია, რომელიც გზადაგზა სწავლობს და არც ისეთი უბრალო, როგორც ამას წარმოაჩენდნენ „პოროშენკო და მისი მაფია.“

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინა უყვარს და აქვს რეალური შანსი იქცეს უკრაინის ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად.

რამდენიმე კვირის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ კარგადაა განწყობილი, რადგან მან საქართველოში რეფორმები განახორციელა და კორუფცია დაამარცხა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

ბახტაძემ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიულოცა უკრაინის პრეზიდენტად არჩევა.

მამუკა ბახტაძემ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს.

უკრაინაში 21 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი იმარჯვებს ხმების 73%-ზე მეტით. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24%-ზე მეტმა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში ზელენსკი იმარჯვებს ხმების 73%-ზე მეტით

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი იმარჯვებს ხმების 73,18%-ით.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24,48%-მა.

ეს შედეგები ეფუძნება ბიულეტენების საერთო რაოდენობის 83,76%-ის მონაცემებს.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 62,07%.

თელავის საავადმყოფოში პანკისის ხეობაში დაშავებული 30 პაციენტი იმყოფება

პანკისის ხეობაში დღეს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 30 ადამიანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიშვილის თქმით, მათგან 27 სამართალდამცველია, ერთი ჟურნალისტი და ორი სამოქალაქო პირი.

"აღენიშნებათ ძირითადი დაზიანებები თავის არეში. არის ზედაპირული დაზიანებები, ასევე - კიდურებზე. თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არც ერთი დაზიანება არაა", - განაცხადა ხათუნა ჭონიშვილმა.

დღის განმავლობაში სამედიცინო დახმარება 45-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 40-ზ მეტ დაშავებულს მოემსახურნენ.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა "ხადორი 3"-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ის სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

გიორგი გახარია: დიდი კითხვის ნიშნებია, ვის ინტერესებში შედიოდა სიტუაციის ესკალაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად მისულმა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა კამერის ჩანაწერი.

„შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისი შეფასებით, კითხვის ნიშნები ჩნდება ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებითაც:

ესკალაცია ,ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერესებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

პოროშენკომ აღიარა დამარცხება, აცხადებს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აღიარა დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში და გამარჯვება მიულოცა მეტოქეს, ვლადიმირ ზელენსკის. პოროშენკო აცხადებს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში რჩება.

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა და ეგზიტ-პოლის შედეგების თანახმად, კომიკოსი მსახიობი, პოლიტიკაში ახლახან მოსული ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტ პოროშენკოს დიდი უპირატესობით ამარცხებს.

ეროვნული ეგზიტ-პოლის თანახმად, სააარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე მოპოვებული მონაცემები მოწმობს, რომ ზელენსკიმ ხმათა 73,2 პროცენტი მიიღო, ხოლო პოროშენკომ - 25,3 პროცენტი.

უკრაინაში ეგზიტ-პოლი მიუთითებს ზელენსკის დიდი უპირატესობით გამარჯვებაზე

უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ეგზიტ-პოლის შედეგების თანახმად, კომიკოსი მსახიობი, პოლიტიკაში ახლახან მოსული ვლადიმირ ზელენსკი მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს დიდი უპირატესობით ამარცხებს.

ეროვნული ეგზიტ-პოლის თანახმად, სააარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე მოპოვებული მონაცემები მოწმობს, რომ ზელენსკიმ ხმათა 73,2 პროცენტი მიიღო, ხოლო პოროშენკომ - 25,3 პროცენტი.

"ჩვენ ეს ერთად შევძელით" - უთხრა ზელენსკიმ თავის მხარდამჭერებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

"გპირდებით, რომ არასოდეს გიღალატებთ. და რადგან ჯერაც არ ვარ პრეზიდენტი, შემიძლია რიგითი უკრაინელის სახელით ვილაპარაკო. დაე მთელმა ყოფილმა საბჭოთა კავშირმა გვიყუროს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია".

საარჩევნო კამპანიისას ზელენსკი საკუთარ კანდიდატურას ახასიათებდა "უბრალო კაცად, რომელიც სისტემის დასანგრევად მოვიდა" და ამით გულისხმობდა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ აღქმას, რომ უკრაინაში პოლიტიკური ცხოვრება კორუფციით და ნეპოტიზმით გამოირჩევა, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის პარალელურად. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებით ჩანდა, რომ ამომრჩეველი ვერ დაარწმუნა მილიარდერი ბიზნესმენის, პოროშენკოს მოწოდებებმა მისთვის მეორე ვადით დაეჭირათ მხარი, რათა ქვეყნის პრობლემები უფრო გამოცდილ პირს გადაეჭრა.

ოფიციალური წინასწარი შედეგები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„სოლიდარობა პანკისს“ - აქტივისტებმა მხარდასაჭერი აქცია ბათუმში გამართეს

პანკისის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად ბათუმელი აქტივისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

„სისტემა მოძალადეა“ „არა ჰესებს“ „აჭარა თქვენთანაა“ - ამ შინაარსის წარწერებით აქტივისტები ერთი საათის განმავლობაში იდგნენ მოედანზე, რითაც, ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოუცხადეს პანკისში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებს. მეორე მხრივ, კი დაგმეს პოლიციის ქმედებები, რაც, მათივე თქმით, იყო ძალადობრივი. სოლიდარობის საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელში დაგეგმა ბათუმელმა აქტივისტმა მარიამ მუთიძემ:

„არ უღირთ ადამიანებს ჰესის მშენებლობა და ბუნებრივია, უარი განაცხადეს, პროტესტი გამოთქვეს. ჩვენი ქვეყანა არის მოსახლეობისთვის და არა ფულიანი ადამიანების გამდიდრებისთვის. როცა ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ ჰესი ამ მოთხოვნის ძალადობრივი გზით ჩახშობით ჩვენ ვერ ავაშენებთ ქვეყანას“, - თქვა მარიამ მუთიძემ.

პანკისელებს სოლიდარობა გამოუცხადა მოძრაობამ „სიტყვის კაცები“, რომლის წევრებიც მაჭახელის ხეობაში ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ისინი პანკისში გამგზავრებას გეგმავდნენ, თუმცა შემდეგ ბათუმში სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ:

„ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ. ჰესის მშენებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პოლიცია შემოეყვანა მაჭახელის ხეობაში და ძალადობის გზით ცდილობდა სამუშაოს დაწყებას. მაგრამ პოლიციასთან კომუნიკაციამ და გონიერებამ ეს პროცესი ჩვენ მშვიდობიანად გადაგვალახინა. ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. ასეთი ძალადობით, დაშინებითა და შანტაჟით ყველანაირი პროექტების განხორციელება მიუღებელია, მით უმეტეს ისეთი პროექტები, რომლებიც აზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ ვუერთდებით პანკისელების პროტესტს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მშვიდობიანად დასრულდება და სიტუაცია განიმუხტება. ძალადობით არანაირი ჰიდროელექტოსადგური საქართველოში არ აშენდება!“ - ამბობს მაჭახელის მკვიდრი როინ მალაყმაძე.

პანკისის ხეობაში დღეს 10-ზე მეტი ავტომანქანა დაზიანდა

პანკისის ხეობაში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად დღეს პოლიციის 10-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. მათგან სამი დაიწვა. აქციის მონაწილეებმა დაპირისპირებისას ცეცხლი წაუკიდეს სამშენებლო ტექნიკასაც, კერძოდ ტრაქტორს.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია  „სოლიდარობა პანკისს“

„სოლიდარობა პანკისს“ ამ სახელწოდების პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან.

აქციის სლოგანია „არა ძალადობას, არა ადამიანებისა და ბუნების განადგურებას“. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობის პირისპირ საპოლიციო ძალების გამოყვანის გამო.

პანკისის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც. პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები ერას მოედანზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა დაგმეს.

ზელენსკის შტაბი ოპტიმიზმით ელის მეორე ტურის შედეგებს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდად მიმდინარეობს. მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, მძლავრ გამოწვევას უქმნის მისი მეტოქე, პოლიტიკური აუტსაიდერი ვლადიმირ ზელენსკი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, შუადღისთვის ამომრჩევლის აქტივობა 45 პროცენტამდე იყო. სერიოზულ დარღვევებზე ან ინციდენტებზე ცნობები არ არის.

ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სერიალში შემთხვევითი პრეზიდენტის როლის თამაშით. კიევში, საარჩევნო უბანზე მისული ზელენსკი ჟურნალისტებს გაეხუმრა, ცოლმა კარგ ხასიათზე დამაყენა, რადგან დილით რეპერ ემინემის სიმღერა ჩამირთოო. "დღევანდელი დღე მოიტანს უკრაინელების გამარჯვებას, უკრაინის გამარჯვებას" - განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე პრესკონფერენციას გამართავს.

უფრო ადრე ხმა პოროშენკომაც მისცა კიევში. მან ამომრჩეველს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდოს გადაწყვეტილებას და შეაქო არჩევნების მშვიდი პროცესი.

18 აპრილს გავრცელებული გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ჯგუფმა "რეიტინგი", ამომრჩევლის 57,9 პროცენტი ამბობდა, რომ მეორე ტურში აუცილებლად ზელენსკის დაუჭერდა მხარს, პოროშენკოს მომხრე კი 21.7 პროცენტი იყო.



ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross

აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურის მეათე ნავმისადგომზე შემოვიდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში და იგი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრები ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ბათუმში გაიმართა საზეიმო დახვედრის ცერემონია.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიკურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას", - განაცხადა ხომალდის მეთაურმა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ხომალდი USS Ross აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

პანკისის ხეობის მცხოვრებლები  დაკავებული ორი პირის გათავისუფლებას ითხოვენ

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხეობაში დღეს, 21 აპრილს განვითარებული მოვლენებისას დაკავებული 2 პირის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა სცადა სამთავრობო მანქანებისთვის გადაადგილების საშუალება არ მიეცა მანამ, სანამ დაკავებულები არ გათავისუფლდებოდნენ. ისინი მანქანებს წინ გადაუდგნენ, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

მთავრობის წევრებმა პანკისის ხეობა უკვე დატოვეს, ხეობას ეტაპობრივად ტოვებს სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა.ადგილზე რჩებიან დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

„რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

დავით წინწალაშვილი აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილის თვალწინ სცემეს

პანკისში მცხოვრები დავით წინწალაშვილი აცხადებს, რომ ის სამართალდამცავებმა შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თანდასწრებით სცემეს.

მისი თქმით, ცდილობდა დაპირისპირებული მხარეები შეეჩერებინა, რა დროსაც რეზინის ტყვია მოხვდა თვალში. ამის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინწალაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამკურნალოდ გადაიყვანა.

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ სამართალდამცველები დაკავებულ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ საქმეს სამართლებლივი მსვლელობა მიეცემა.

გიორგი გახარია: ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონით აგებს პასუხს

"რა თქმა უნდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„მეორე - შევთანხდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შეთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა აქ არის კიდევ რამოდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, შეთანხმება მიღწეულია ასევე იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია.

"​21 აპრილს ხეობაში მომხდარი შემთხვევა ძალიან მძიმე იყო, როგორც ხეობის მოსახლეობისთვის, ისე პოლიციისთვის. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო“, - განაცხადა მინისტრმა.

პანკისის ხეობაში დღეს პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ხადორი3-ის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. ვითარების ესკალაცია კი ხეობაში შსს-ს სპეციალური დანიშნულების დამატებით ძალების შეყვანას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას უკვე ტოვებენ.

შრი-ლანკაში 200-ს გადააჭარბა აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვმა

შრი-ლანკაში 21 აპრილს მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა, დაჭრილია 500-ზე მეტი პირი. აფეთქებები რამდენიმე ადგილას მოხდა, მათ შორის სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მორწმუნეები სააღდგომო წირვას ესწრებოდნენ. იუწყებიან, რომ დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი.

ეკლესიებში აფეთქება მოხდა დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ქალაქ ნეგომბოში - კოლომბოსთან ახლოს, და ქალაქ ბატიკალოაში, რომელიც 250 კილომენტრითაა დაშორებული დედაქალაქს. პოლიციის ცნობით, კიდევ სამი აფეთქება მოხდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

ძალადობა ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც შრი-ლანკაში ათი წლის წინ დასრულდა სისხლიანი სამოქალაქო ომი. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს თავდასხმები.

მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება პანკისში დღეს განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება. განცხადებაში ასევე ლაპარაკია ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, როგორც ქვეყნის პრიორიტეტზე, რომლის დაცვაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით:

"სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს "ფერიმ" ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“ - ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება. დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება. საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს. კერძოდ, პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება".

განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

"პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება". - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გიორგი გახარია: ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარი გაგრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისელებთან შეთანხმება შედგა - ეს შეთანხმება, მისი სიტყვებით, არის მარტივიც და რთულიც, თუმცა მიღწევადი:

"ჩვენ შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ საუბარს მოსახლეობასთან მანამ, სანამ ჰესის მშენებლობის მხარდაჭერაზე მოსახლეობის ზღვრული რაოდენობის თანხმობას არ მიაღწევენ. ამასთან, მოვილაპარაკეთ, რომ ხეობიდან გავა სპეცრაზმი, თუმცა ადგილზე დარჩება შსს-ს გაძლიერებული შემადგენლობა", - განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში მომხდარი ამბავი ძალიამ მძიმე იყო როგორც ხეობის მოსახლეობის, ისე პოლიციისთვის.

მისივე სიტყვებით, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიზიკურად იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

"ახლა მთავარია, ჩვენ ყველა გავუფრთხილდეთ ამ შედეგს და არ გავაგრძელოთ ღიმილსმომგვრელი პროვოკაციული შეკითხვები", -უთხრა გახარიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, თუ მას ადგილობრივი მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს.

პარლამენტთან "საარსებო მინიმუმი" გააპროტესტეს

საარსებო მინიმუმის გასაპროტესტებლად, თბილისში, პარლამენტის წინ აქცია ჩატარდა.

თვალსაჩინოებისთვის აქციაზე მიიტანეს პროდუქტი, რომელიც ოთხსულიანმა ოჯახმა დღის განმავლობაში უნდა იმყოფინოს: ერთი ნაჭერი პური, ორიოდე ნაჭერი ხორცი, კილომდე ბრინჯი და ლობიო.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ამაზე ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.

შსს: პანკისში შექმნილი ვითარების შედეგად დაშავდა 27 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დღეს, 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდა 27 ადამიანი. მათგან 12 ადგილობრივია, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი. პანკისში მომხდართან დაკავშირებით შსს-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა:

როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა.

უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილი: ერთადერთი გზა შეთანხმებაა

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ის წერს, რომ პანკისში მიმდინარე ამბავს თვალს ადევნებს და მზად არის თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები.

"ერთადერთი გზა შეთანხმებაა.ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს", -წერს საქართველოს პრეზიდენტი.

პანკისის ხეობაში ამ დრომდე დაძაბულია ვითარება. 21 აპრილს ერთმანეთს ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდა. დაშავებულები არიან როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი.

ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება.

გიორგი გახარია პანკისელებს: 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის ესროლეთ ქვები ფორმიანებს?

„ჰესის საწინააღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - განუცხადა პანკისის ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა მოსახლოებას.

„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის - არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. იგი სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და რეგიონული განვითარების მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ხვდება.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. იგი სოფელ ბირკიანში, ერთ-ერთი სახლში იმართება.

„კავკასიური სახლი“: ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ მიერ პანკისის აწიოკებას

"კავკასიური სახლი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ აპროტესტებს "ქართული ოცნების" მიერ პანკისის აწიოკებას, იქ სპეციალური რაზმების შეყვანას, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებას, მოსახლეობის მასიურად მოწამვლასა და დარბევას.

"ჩვენ ვგმობთ ამ აღვირახსნილ ძალადობას! როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ გავლენიანი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს, მართლაც აგონიაშია და ეს აგონია სულ უფრო დამღუპველი ხდება ქვეყნისთვის. პარლამენტში წარმოდგენილი მილიონერთა კლასი და მთავრობაში განფენილი ბიზნესჯგუფები საქართველოს დედაქალაქსაც და რეგიონებსაც, ჩვენს უნიკალურ ბუნებას (რომლის მეტი მათი წყალობით აღარაფერი დაგვრჩა) თავიანთი უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად განიხილავენ და სხვა არაფრად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნისთვის ყველაზე საშიში ის ე.წ. ენერგეტიკული პოლიტიკა იქცა, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო და „ქართულმა ოცნებამ“ გააათმაგა; პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ლამის ყველა მდინარისა და შენაკადის გაყიდვა-დაგუბება -მოსპობას ითვალისწინებს", - წერს "კავკასიური სახლი".

ორგანიზაციის განცხადებით, დიდი ხანია, ჩვენი მოქალაქეების პროგრესული ნაწილი, მიუხედავად მასობრივი უმუშევრობისა და სიღატაკისა, დაღლილობისა და გამოფიტვისა, რაც თავს დაგვატეხეს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, - აპროტესტებს საქართველოს მდინარეების გაყიდვასა და დაგუბების გეგმას, ბუნების მომსპობი, უზარმაზარი, ხიფათების შემცველი გიგანტური ჰესების მშენებლობას:

"მაგრამ აგონიაში მყოფი, მატყუარა „ოცნება“, თავისი სიძაბუნისა და ეკოლოგიური გაუნათლებლობის დასაფარავად სულ უფრო ხშირად მიმართავს არაპროპორციული ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც თავის საცხოვრისს: თავისი შვილების სიცოცხლეს, თავის სახლკარსა და ბუნებას იცავს მისი მსახვრელი ხელისაგან", - წერია განცხადებაში.

"კავკასიური სახლი" „ქართულო ოცნებას" "ისტორიულ დამნაშავეს უწოდებს" ბავშვების მასობრივი შიმშილისა და სიკვდილიანობის, დაუცველი მეშახტეებისა და მუშების მასობრივად მოსპობის, საყდრისის, ზნეობრივი და სამართლებრივი პრინციპების ფუნდამენტური გამრუდების გამო.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პანკისელ, სვან, ლეჩხუმელ, აჭარელ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი ძალებით იბრძვიან მშობლიური კუთხეებისა და ამდენად, მთელი საქართველოს გადასარჩენად!მოვუწოდებთ ყველას სიტყვით და საქმით დავუდგეთ გვერდით ამ გმირ ხალხს!"

„კავკასიური სახლის“ სახელით განცხადებას ხელს აწერენ მწერალი ნაირა გელაშვილი და პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.

გიორგი გახარია: „მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ ისე, როგორც საჭიროა“

"აგრესია გამოიწვია იმან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს ესროლეს, დაუშინეს ქვები. ეს არის დაუშვებელი. ყოველთვის როდესაც, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ძალა ხელს აღმართავს სამართალდამცავებზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა ძალოვანი იმოქმედებს სრული შესაბამისობით კანონის“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში. იგი ხეობაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალებს ხეობის მოსახლეობამ ქვები დაუშინა. სპეცრაზმმა მათ რეზინის ტყვიებითა და ცრემსადენი გაზის გაშვებით უპასუხა.

მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას დილიდანვე აპროტესტებდა. განახლდება თუ არა ჰესის მშენებლობა? ამ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

„მე ვფიქრობ,რომ მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს 15 მოსამასახურე დაზარალებული, როდესაც ტრაქტორი და ტექნიკა იწვის, მე ვფიქრობ, რომ ეხლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შედეგ“- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით,

„შსს იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლეობის და საერთოდ ხეობის მოსახლეობის. პირველ რიგში ისევე როგორც იმ მშენებლების, რომლებსაც ასევე რისკი ჰქონდათ“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია პანკისში ხვდება აქციის რამდენიმე მონაწილეს. ამ შეხვედრზე იმყოფება რეგიონული განვითრების მინისტრი მაია ცქიტიშვილიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG