Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: აღკვეთილია საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის და საელჩოების აფეთქების ირანული გეგმა


აშშ-ის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ფედერალურმა აგენტებმა აღკვეთეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას და საუდის არაბეთისა და ისრაელის საელჩოების წინ ბომბების დამონტაჟებას. სასამართლო დოკუმენტებში - რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დღეს გახდა - წერია, რომ წარმოშობით ირანელი პირები, მანსურ არბაბსიარი და ღოლამ შაკური, საუდის არაბეთის ელჩის, ადელ ალ-ჯუბეირის მკვლელობას გეგმავდნენ - შემდეგ კი ვაშინგტონში, საუდის არაბეთის და ისრაელის საელჩოების მიმდებარე ტერიტორიებზე ბომბები უნდა დაემონტაჟებინათ. ორმა ირანელმა დახმარების მოპოვება მექსიკური ნარკოკარტელისგან დააპირა - თუმცა პირი, რომელიც მათ კარტელის წევრად მიაჩნდათ, სინამდვილეში ფედერალური აგენტი იყო. დოკუმენტაციის თანახმად, არბაბსიარმა გეგმა აღიარა - მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს ნიუ-იორკში, კენედის სახელობის აეროპორტში დააპატიმრეს. შაკური კვლავაც იძებნება. ინფორმაციას სწრაფად გამოეხმაურა ირანი - პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ალი აკბარ ჯავანფეკრმა, აშშ-ის ბრალდებებს უწოდა „წინასწარ შეთითხნილი სცენარი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანას“. ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ, IRNA-მ, ბრალდებები „ამერიკის ახალ პროპაგანდისტულ სცენარად“ შერაცხა.
XS
SM
MD
LG