Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნები ამზადებენ სანქციებს სირიის წინააღმდეგ


არაბული ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა შაბათს კაიროში გამართულ შეხვედრაზე მოამზადეს სირიის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების სია, რომელსაც კვირას განიხილავენ და კენჭს უყრიან არაბული ლიგის სხდომაზე ეგვიპტის დედაქალაქში. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, რეკომენდაციებს შორის არის სირიის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის შეწყვეტა და სირიასთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება. სანქციების პროექტი შემუშავდა მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა უგულებელყო არაბული ლიგის ულტიმატუმი მოთხოვნით, დათანხმებოდა სირიის ტერიტორიაზე მეთვალყურეების შეშვებას. სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ პარასკევს და შაბათს რამდენიმე შეტაკება მოხდა მთავრობის ჯარებსა და დეზერტირებს შორის. ამავე წყაროს ცნობით, შაბათს მოკლეს 13 სამოქალაქო პირი. ხოლო ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც სირიის საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ წუხელ 10 ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ სირიაში დეზერტირებთან შეტაკებებისას. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-ზე მეტი ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტის შუა რიცხვებში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG