Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის რამდენიმე მონაწილე


თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა აქცია, რომლის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.
როგორც მოძრაობა “რატომ”-ის წარმომადგენელმა მერაბ ჭიქაშვილმა განაცხადა, “6 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობიდან და 6 წლის შემდეგაც, არც ერთი დამნაშავე დღემდე დასჯილი არ არის”. შსს-მ აქციის მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “ინტერპრესნიუსს” შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, აქციის 7 მონაწილეა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მისი განცხადებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა), და 173-ე მუხლის (პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) დარღვევა. სააგენტო "სივილ.ჯიი" იუწყება, თავდაპირველად, აქციის მონაწილენი პარლამენტის წინ ტროტუარზე იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ ქუჩის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და როდესაც ორმაგი ღერძულა ხაზის გასწვრივ დაიწყეს სიარული, პოლიციელებმა, ზოგიერთმა ფორმაში და ზოგმაც სამოქალაქო ტანსაცმელში, ხელი ჩაავლეს რამდენიმე მომიტინგეს და პოლიციის მანქანებისკენ წაიყვანეს. სამოქალაქო მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს‘’, ,,პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდი’’ და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ასოციაცია” დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, რომლის
მიხედვით, დაკავებულების დაცვის უფლება დაირღვა და ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ბრალდებულთა დაცვა განეხორციელებინათ.
დაკავებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მისი ავტორები გმობენ „მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაკავებას“. განცხადებაში წერია, რომ იქ გადაღებული ვიდეომასალის თანახმად, აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ წესრიგი და რომ პირიქით, „ძალადობა მოხდა სწორედ პოლიციის მხრიდან, როდესაც მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაკავება", წაიკითხავთ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში, რომელიც რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხება.
XS
SM
MD
LG