Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, სირიის კრიზისი „უკიდურესად სახიფათოა“


გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის შეფასებით, სირიის კრიზისი „უკიდურესად სახიფათოა“ და შესაძლოა, ძლიერი გლობალური გავლენა იქონიოს. ბან კი მუნმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მსჯელობენ განცხადებაზე, რომელიც სირიის მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდებს, შეასრულონ გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის წინადადებები სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. თუ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები თბილისის დროით 18 საათამდე არაფერს იტყვიან განცხადების წინააღმდეგ, ის დამტკიცებულად ჩაითვლება. თუმცა განცხადებით გათვალისწინებული მოწოდებების შესრულება სავალდებულო არ არის. რუსეთმა, რომელმაც ჩინეთთან ერთად ვეტო დაადო სირიის საკითხზე წინა ორი რეზოლუციის პროექტებს, სამშაბათს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რეზოლუციას, რომელიც მოიცავს ანანის წინადადებებს. ამასთან, მოსკოვისთვის მიუღებელი რჩება ულტიმატუმის წაყენება სირიის ხელისუფლებისათვის, რომელიც მოსკოვის ტრადიციული მოკავშირეა. გაეროს მონაცემებით, 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც სირიაში ერთი წლის წინ დაიწყო ამბოხება.
XS
SM
MD
LG