Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი მოსკოვში ჩავიდა


სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი, კოფი ანანი, ამ კრიზისზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის სამშაბათს პეკინსაც ესტუმრება. რუსეთში ყოფნისას ანანი შეხვდება პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ანანის მიერ მოსკოვში გამართული შეხვედრების მთავარი თემა იქნება „სირიის შიდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ანალიზი“. ოთხშაბათს მოსკოვმა სირიაში ანანის მიერ გატარებულ სამუშაოს მხარი დაუჭირა, გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში, რომელიც მის მისიას ამტკიცებს. ანანის სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ზავის დადებას, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და ჰუმანიტარული სააგენტოების ადგილზე დაბრკოლების გარეშე დაშვებას. მანამდე რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ოპონენტების წინააღმდეგ სისხლიანი რეპრესიები. მოსკოვი აცხადებდა, რომ რეზოლუციის პროექტებში სათანადოდ არ იყო გამოკვეთილი ოპოზიციის პასუხისმგებლობა სირიაში მიმდინარე ძალადობაში. როგორც ვარაუდობენ, ამ ძალადობას, რომელიც წელიწადზე დიდი ხანია გრძელდება, 8,000-ზე მეტი სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG