Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: ხელისუფლებას კონკურენციის არ ეშინია


საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ქვეყნის პარლამენტის წევრობისთვის დაწესებული ასაკობრივი ზღვრის 25-დან 21 წლამდე შემცირების ინიციატივის გარდა, სხდომაზე განიხილება ქრისტიან-დემოკრატების წინადადება, რომელიც მათი აზრით, ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მისცემს პოლიტიკური აქტივობის კანონიერ საშუალებას. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივით, რომელსაც მხარს მმართველი პარტიაც უჭერს, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს 21 წლის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ამ ფორმულირებით კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილების შეტანას სრულიად მისაღები უწოდა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას კონკურენციის არ ეშინია და სურს, ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს და არსებობდეს ღია პოლიტიკური გარემო, სადაც ყველას ექნება პოლიტიკური შეჯიბრის შესაძლებლობა. ბაქრაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს გარკვეული მხარდაჭერა და პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა პრაქტიკულად, მთლიანად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც ბაქრაძის თქმით, ”ზოგიერთი ოპონენტის მოქალაქეობის სტატუსის და პოლიტიკაში მონაწილეობის გამო არსებობს.”
XS
SM
MD
LG