Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი გმობს ანტიისლამურ საწვრთნელ კურსს


აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მარტინ დემპსი გმობს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელ კურსს, რომლის მონაწილე სამხედროებსაც მოუწოდებდნენ ისლამის წინააღმდეგ „ტოტალური ომისათვის“ მზადებისაკენ. გენერალმა დემპსიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კურსი „სრულიად მიუღებელია“. „ეს იყო უბრალოდ, სრულიად მიუღებელი, ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული და არ იყო მეცნიერულად დასაბუთებული. აქ საქმე არ ეხებოდა ლიბერალური იდეის უკუგდებას. ეს იყო უბრალოდ მიუღებელი, სამეცნიერო თვალსაზრისით უპასუხისმგებლო სწავლება“, განაცხადა გენერალმა. მან ეს შეფასება გამოთქვა საწვრთნელ კურსზე, რომელში ნებაყოფლობით მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის კოლეჯის ოფიცრებს ვირჯინიის შტატში მდებარე ნორფოლკში. კურსის მსვლელობაში საუბარი იყო მუსლიმი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ომის შესაძლებლობაზე. როგორც იუწყებიან, ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, დაშვებული იყოს ბირთვული იარაღით შეტევა მუსლიმთა წმინდა ქალაქებზე, მექასა და მედინაზე. პენტაგონმა გასულ თვეში გააუქმა კურსი მას შემდეგ, რაც უკმაყოფილება გამოთქვა საწვრთნელი კურსის ერთ-ერთმა მონაწილემ. სამსახურიდან დაითხოვეს კურსზე პასუხისმგებელი ინსტრუქტორი, პოლკოვნიკი მეთიუ დული. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG