Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატკო მლადიჩის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება


საომარ დანაშაულში ბრალდებული, ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერის - რატკო მლადიჩის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში გრძელდება. ოთხშაბათს პროკურორებმა განაცხადეს, რომ 1992-1995 წლებში მიმდინარე ომის დროს მლადიჩი ასრულებდა წამყვან როლს დანაშაულებრივ კამპანიაში, რომლის შედეგადაც ბოსნია-ჰერცეგოვინაში დახოცეს ათასობით არასერბი მცხოვრები, ან აიძულეს ისინი დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია. რატკო მლადიჩი ახლა 70 წლის არის. მას 11 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის - გენოციდში, 1995 წელს სრებრენიცაში 8000 მუსულმანი კაცის დახოცვის გამო. მლადიჩი თავს დამნაშავედ არ თვლის. მას, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს. დღეს სასამართლოზე გამოსვლისას პროკურორმა პიტერ მაკკლოსკიმ განაცხადა: ”ეს არ იყო უკონტროლო, ან სხვის მიერ კონტროლირებადი არმია. მხოლოდ მკაცრად კონტროლირებულ არმიას შეეძლო მოეხერხებინა 4 დღეში 7000-ზე მეტი ადამიანის დახოცვა”. ყოფილ იუგოსლავიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორმა აგრეთვე განაცხადა: ”ამ დანაშაულის ჩამდენი არმიის სათავეში მლადიჩის ყოფნის შესახებ მტკიცებულება არის მხოლოდ ნაწილი მტკიცებულებებისა, რომელიც მის დანაშაულს ადასტურებს. ჩვენ აგრეთვე დავამტკიცებთ, რომ ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენის დროს მლადიჩი ადგილზე იმყოფებოდა და პირადად მონაწილეობდა დანაშაულში”.
XS
SM
MD
LG