Accessibility links

ახალი ამბები

ჩეჩნეთის ლიდერმა მთავრობა დაითხოვა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა გააკეთა განცხადება მთავრობის დათხოვნის შესახებ. კადიროვმა დღეს გროზნოში, ვიცე-პრემიერებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „რესპუბლიკაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით“ გადაწყვიტა, შეცვლოს ამჟამინდელი კაბინეტი და რომ მთავრობაში მოხდება „სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები“. მას არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების მიზეზი. კრემლის მხარდაჭერის მქონე რამზან კადიროვი, ყოფილი მეამბოხე, 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რესპუბლიკას.

ყველა ახალი ამბავი

სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთი რომ გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა

„მგონი იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საფრანგეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შუამავლის როლის შესრულების შესახებ სალომე ზურაბიშვილს ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

„საფრანგეთი არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს, ის მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდის გამოჩენილი დიზაინერი კარლ ლაგერფელდი. ის სხვადასხვა პერიოდში სათავეში ედგა მოდის სახლებს „ჟან პატუს“, „ქლოეს“, „ფენდის“.

1983 წელს ლაგერფელდი გახდა „შანელის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა მასთან.

მოდელიერი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ფოტოგრაფიც, 1933 წელს დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ის ახალგაზრდობაშივე გადასახლდა პარიზში და მთელი ცხოვრება იქ გაატარა.

ღამით თბილისში ქარი ჩადგება

თბილისში ქარი დილის 4 საათისთვის ჩადგება. 20 თებერვალს კი ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი მცირე ნალექით, დღის განმავლობაში ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებიდან მიაწოდეს.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დარი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში დღით 3-8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ღამით კი ტემპერატურა მინუს 5-დან მინუს 8-მდე შეიძლება დაეცეს.

ტრამპი აკრიტიკებს პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ოფიციალური პირები, რომლებსაც კავშირი აქვს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიებასთან.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა, ანდრიუ მაკკეიბმა 17 თებერვალს ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წელს განიხილებოდა ტრამპის გადასაყენებლად აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების შესაძლო გამოყენების საკითხი.

მაკკეიბის თქმით, გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინი კაბინეტის რამდენიმე წევრსა და სხვა ოფიციალურ პირებს ესაუბრა ამ თემაზე.

ტრამპმა 18 თებერვალს ტვიტერში „უკანონო და მოღალატეობრივი“ უწოდა მაკკეიბისა და როზენსტაინის მოქმედებას. ისინი, „როგორც ჩანს, რაღაცას ძალიან უკანონოს“ გეგმავდნენო, წერს პრეზიდენტი.

ამასთან, როზენსტაინმა ჯერ კიდევ შარშან უარყო ინფორმაცია, რომელზეც 17 თებერვლის ინტერვიუში ისაუბრა მაკკეიბმა. როზენსტაინის განცხადებით, „აბსოლუტურად არასწორია“ იმის თქმა, რომ ის ოდესმე მოქმედებდა პრეზიდენტის გადაყენების ხელშესაწყობად.

სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა სოლიდარობა

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ემანულ მაკრონს იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.

„საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში და თუ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტი სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, იმისთვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე ბატონი სარკოზი გამოუშვა, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი და სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ ტაშით მიიღო და ეს იყო იმის ნიშანი, რამდენად მადლიერია საქართველოს მოსახლეობა იმისთვის, თუ რა გაკეთდა 2008 წელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ის პრეზიდენტად ევროპისა და საქართველოს დაახლოების პროცესში გარკვეული როლის შესასრულებლად აირჩია.

„ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, სანამ ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცემენტის შემოწმებისას 29 ნიმუშიდან მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა სტანდარტი

ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ასეთი შედეგი აჩვენა „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ ჩატარებულმა მეექვსე ფარულმა ტესტირებამ.

2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან 14-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან 7-მა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. აღნიშნავენ„საქართველოს ცემენტის ასოციაციაში“. მათი განმარტებით, შედეგები გაუმჯობესებულია 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როდესაც 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი.

“საქართველოს ცემენტის ასოციაციაში“ 2019 წლის იანვრის შემოწმების ფარული ტესტირების მაჩვენებელს, ევროპული სტანდარტის დამაკმაყოფილებელ კომპანიათა 52%-ს, რეკორდულად მიიჩნევენ. ორგანიზაცია შემოწმებას 2018 წლის ნოემბრიდან ატარებს.

ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2019 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი ტექნიკური რეგლამენტი. "საქართველოს ცემენტის ასოციაცია" იმედოვნებს, რომ უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში სააგენტო აქტიური და შეურიგებელი იქნება.

ემანუელ მაკრონი: მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს

„ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე:

„ქალბატონ პრეზიდენტთან საუბრისას მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას. საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქციული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

აქ არის სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე:გიორგი ქობულია TBC-ს საქმეზე

„მე რაც ვიცი და რაც წავიკითხე ამის შესახებ, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულვებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია“

ემანუელ მაკრონი: ბედნიერი ვიქნები გეწვიოთ საქართველოში

ელისეს სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას, ისე როგორც 2008 წელს იდგა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ შორის თანამშრომლობაზე სამხედრო და კიბერუსაფრთხოების სფეროში.

„თქვენ მე დამპატიჟეთ საქართველოში და, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები ვუპასუხო თქვენს მოწვევას და გეწვიოთ საქართველოში“, – უპასუხა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ემანუელ მაკრონმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე, ასევე საქართველო-საფრანგეთის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, ის, რომ საქართველოს განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან მხრიდან, ამის დასტურია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რაც კონკრეტულად სარგებლის მომტანი გახდა საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს იქნება განათლების, კულტურული თუ უსაფრთხოების კუთხით. ამ მიმართულებით სამომავლოდ ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ და ჩვენ თქვენს გვერდით გვიგულეთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პარლამენტში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტში მივიდნენ.

ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში”, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით 19 თებერვალს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.

საქსტატი: გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1,2 %-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 1.2 %-ით, 12.7 %-მდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მე-4 კვარტლის მიხედვით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში უფრო მაღალია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, უმუშევრობა კაცებში 1,1%-ით შემცირდა და 13,9% შეადგინა, ხოლო ქალებში მაჩვენებელი - 1,5% -ით შემცირდა და 11,2%-აღწევს.

გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ უმუშევრობის დონის 2018 წლის წლიური მაჩვენებელი 12.7 პროცენტის ფარგლებშია, რაც 1.2 %-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის თანახმად, უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია აღინიშნება, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

კუდრინი „ეკონომიკისათვის საგანგებოს“ უწოდებს ამერიკელი ბიზნესმენის დაპატიმრებას

ალექსეი კუდრინი

კომპანია „ბერინგ ვოსტოკის“ -ის დამფუძნებლის მაიკლ კალვის დაპატიმრება „საგანგებოა ეკონომიკისათვის“ და არღვევს რუსეთის პრეზიდენტის მითითებას „არ იქნეს გამოყენებული დაპატიმრება ეკონომიკური დანაშაულისათვის“. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ალექსეი კუდრინმა.

მაიკლ კალვის, აშშ-ის მოქალაქეს, რომელსაც ფართო მასშტაბის თაღლითობაში ადანაშაულებენ, 13 აპრილამდე შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიების ვერსიით, მაიკლ კალვიმ შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ 2,5 მილიარდი რუბლის მისათვისებლად. საქმე აღიძრა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის, შერზოდ იუსუპოვის განცხადების საფუძველზე.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობები ბანკის აქციონერთა - „ბერინგ ვოსტოკის“ სტრუქტურებსა და არტიომ ავეტისიანს - შორის კონფლიქტის შესახებ.

კალვიმ 15 თებერვალს გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი დაკავება სწორედ ამ კონფლიქტს უკავშირდება. ის უარყოფს თაღლითობის ბრალდებას.

„ბერინგ ვოსტოკი“ არის რუსეთში პირდაპირი ინვესტიციების ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფონდი.

დონალდ ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს მოუწოდა ოპოზიციის ლიდერის მხარეზე გადასვლისკენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვენესუელელ სამხედროებს გადავიდნენ ოპოზიციის ლიდერის მხარეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უსიამოვო შედეგებით დაემუქრა. დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ, აშშ-მა, კანადამ, ასევე ევროკავშირის და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების მნიშვნელოვანმა ნაწილმა.

რუსეთი, ირანი, თურქეთი, კუბა, ბოლივია და ნიკარაგუა მადუროს ემხრობიან.

„ჩვენ გვსურს ხელისუფლების მშივიდობიანი ცვლილება, მაგრამ ღია რჩება მოქმედების ყველა ვარიანტი“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ, 23 იანვარს თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად, როცა ვენესუელელები ქუჩაში გავიდნენ და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვდნენ. მადურომ გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი აშშ-თან და ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს ქვეყნის დატოვება მოთხოვა.

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება

ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ. დიალოგი ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს 17 თებერვალს ეწვია. საფრანგეთიდან იგი გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.

სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონს შეხვდა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:08 0:00

16 შტატმა სასამართლოს მიმართა საგანგებო მდგომარეობის შესახებ განკარგულების შესაჩერებლად

16 შტატმა, მათ შორის კალიფორნიამ და ნიუ-იორკმა, ორშაბათს მიმართეს სან-ფრანცისკოს სასამართლოს, რათა შეჩერდეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მექსიკის სამხრეთით მდებარე სასაზღვრო რაიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ.

განკარგულებით დონალდ ტრამპი იმედოვნებს კონგრესის მიერ შეთავაზებულზე მეტი საბიჯეტო თანხის მობილიზებას სასაზღვრო კედლის ასაშენებლად.

საჩივრის ავტორები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი კონგრესის ექსკლუზიური პრეროგატივაა და აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, თვითნებურად მიმართოს სასაზღვრო კედლის ასაშენებლად თანხა, რომელიც სხვა მინზისთვის არის გათვალისწინებული.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პარასკევს, მას შემდეგ, რაც კონგრესმა უარყო მოთხოვნა, გამოეყო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი მექსიკის საზღვარზე სასაზღვრო კედლის ასაშენებლად რაც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს.

კობა დავითაშვილი: “მინდა გაცნობოთ, რომ დავბრუნდი პოლიტიკაში“

კობა დავითაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აპირებს კენჭი იყაროს მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად.

ამის შესახებ მან განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული ძალის ფორმირებას.

ჩემი ამოცანაა გაწონასწორებული ძალის ფორმირება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის „ქართულ ოცნებას“, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ისინი გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ქვეყანას იმ კურსით მიატარებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება.

ჩვენ ვნახეთ წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, შემდეგ დიდი ძალისხმევით მეორე ტურში ვითარების გამოსწორება, მაგრამ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გაიგო ხალხის გზავნილი, სინამდვილეში ვერაფერიც ვერ გაიგო და აგრძელებს იმ კურსს, რამაც მიიყვანა იმ სავალალო შედეგებამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში",-კობა დავითაშვილი ამბობს, რომ დადგა დრო გაერთიანებისა, რათა შეიქმნას არა მესამე, არამედ პირველი და სახელისუფლებო ძალა, რომელიც ხელისუფლებაზე ორიენტირებული არ იქნება.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის გამოსავლენად მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობისა და TBC ბანკის საქმეს ერთმანეთისგან მიჯნავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, ერთმანეთთან კავშირში არ არის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი და TBC-ს ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მისი თქმით მთავრობის ამოცანაა ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა,- რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.

„მინდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან. ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ მიმართულებით მთავრობის რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მხრიდან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ამ პროექტის მხარდაჭერა და, მეორეა - ის საგამოძიებო მოქმედებები ან საკითხები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას. ამდენად, მე ამ ორ რამეს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი და ჩვენი, როგორც მთავრობის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის წერილი თანამშრომლებს: რუსთავი 2 შიდა გზავნილის შინაარსს აქვეყნებს

მამუკა ხაზარაძე

ტელეკომპანია რუსთავი2-ის ცნობით, თიბისი ბანკის თანამშრომლებმა, დაახლოებით 7 000-მა ადამიანმა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისგან მამუკა ხაზარაძისგან შიდა ქსელით ელექტრონული შეტყობინება მიიღეს.

შეტყობინებაში იგი ბანკზე ორკესტრირებულ თავდასხმაზე საუბრობს და თიბისი-ში დასაქმებულ ადამიანებს ერთად დგომისკენ და ხანგრძლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

რუსთავი 2 ავრცელებს ამ წერილის შინაარსსაც:

"მეგობრებო, თიბისელებო.

ჩვენ ბიზნესისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.

ამას ვერ დავუშვებთ!

ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.

ამას ვერ დავუშვებთ!

დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.

ჩვენ ვიბრძლებთ!

ჩვენ გავიმარჯვებთ!"

წერილის მიღების ფაქტი თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებასაც დაუდასტურეს. ტელეკომპანია რუსთავი2-ის ცნობით კი მამუკა ხაზარაძის ელექტრონული წერილი თიბისი ბანკის თანამშრომლებს 18 თებერვალს ,თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე დაეგზავნათ.

პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში მას გვერდში უდგას თუმცა, არა ერთ-ერთი კონკრეტული სტრუქტურა:

"ეს მაშფოთებს, ეს მომენტი, რომ ერთი მხრივ, შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არა გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის ეროვნული ბანკის“.- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სალომე ზურაბიშვილის სტუდბილეთი გამოქვეყნა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტმა

პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, საჯარო ლექცია წაიკითხა - "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.

საჯარო ლექციის დაწყებამდე SciencesPo -მ სოციალური ქსელით გაავრცელა მისი ყოფილი სტუდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათიანი ანკეტა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საჯარო ლექციისას ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე და განაცახდა, რომ მისი ხალხის არჩევანი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

"მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! - ეს არის ჩვენი დევიზი. საქართველოს ღირებულებები ევროპის ძირძველი ღირებულებებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.რომლის თქმითაც საქართველოს მთავარი პრობლემად კვლავ რჩება რუსეთის მიერ ოკუპაცია და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

ექიმის ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი არ დაუდასტურდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის დიაგნოზი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ განაცხადა ღუდუშაურის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ. ექიმის თანახმად, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად პაციენტს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.

გუშინ საღამოს ჩატარდა კონსილიუმი. კონსილიუმში ჩვენი კლინიკის ექიმებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკაში ამ დარგში ცნობილმა სპეციალისტებმა. მათ შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და დღემდე განხორციელებული კვლევები და გამოკვლევები.

ამ ეტაპისთვის ინსულტი არ იქნა დადასტურებული. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, დამატებითი კვლევების ჩატარება გადაწყდა, რომელიც განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად, ასევე მიმდინარეობს დაკვირვება დინამიკაში. ამ კვლევების შედეგებს დამატებით მოგახსენებთ. ტარდება ინსტრუმენტული გამოკვლევები, ფუნქციური ენცეფალოგრამა და ნეიროფიზიოლოოგიის დამადასტურებელი კვლევები.“-განაცხადა მარინა გელანტიამ. ექიმი ამბობს, რომ ამჟამად პაციენტის მარჯვენა ხელ-ფეხის მოქმედება პარალიზებულია, თუმცა თავად კონტაქტური და ადეკვატურია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომენტარი გააკეთა

„მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“, - განაცხადა პარიზში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

პრეზიდენტის განცხადებით შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, რომელიც გარკვეულ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული.

„მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

სოციალური მუშაკების აქცია. 20 მარტი, 2018 წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე იუწყება „ფეისბუკის“ გვერდი - „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის".

ცნობის თანახმად, ამ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს ირაკლი ყანდაშვილი, რომელსაც სოციალურმა მუშაკებმა გააცნეს ყველა ის მოთხოვნა, რომლითაც 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.

საზოგადოებისა და პროფესიული თემის მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და იმ ადამიანებისათვის, ვისაც ვემსახურებით! მადლობას გიხდით გამოხატული თანადგომისთვის და გთხოვთ ხელმოწერით შემოუერთდეთ პეტიციას“,- აცხადებენ სოციალური მუშაკები.

მათ 8 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და დაუყოვნებელი რეფორმების გატარების მოთხოვნით წერილით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს. ისინი პროფესიული ეთიკის დაცვისა და პროფესიული ვალდებულებების შესრულების პირობებსა და საშუალებებს ითხოვენ.

დრეზდენის მუზეუმში საქართველოდან დაბრუნებული ნახატი გამოიფინა

გერმანული მხარის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით" განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

​დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის - კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.

"დღეს თქვენს ლამაზ და ისტორიულ მუზეუმს უბრუნდება პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ცნობილი ნატურმორტი და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ

დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგულია 500-მდე ექსპონატი, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 56 დაბრუნდა. ჩიტადინის ფერწერული ტილოს ნახვა დამთვალიერებელს მუზეუმის ძველი ოსტატების (Alte Meister) გალერეაში შეეძლება.

საჯარო სკოლებში ჩინურის, როგორც მეორე ენის სწავლება დაიწყება

განათლების სამინისტრო

2019-2020 სასწავლო წლებიდან, საჯარო სკოლებში, სავარაუდოდ ჩინური ენის სწავლება დაინერგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს. ინიციატივის თანახმად, სკოლების სურვილის შემთხვევაში ჩინური ენა სკოლებში მეორე უცხო ენად შევა. განათლების სამინისტროს თანახმად, ჩინურის, როგორც მეორე უცხო ენის არჩევა სკოლებს მე-5 კლასიდან შეეძლებათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა.

ზალკალიანი: დიმიტრი ამილახვრის დიალოგი ახალ დონეზე გადაიყვანს საფრანგეთთან ურთიერთობას

დავით ზალკალიანი

დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგი საქართველოს საფრანგეთთან ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს, – განაცხადა პარიზში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით განვითარდება:

„რამდენიმე ძირითადი მიმართულება იქნება, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განზომილება და ვაჭრობა, კულტურა, ხალხთა შორის ურთიერთობები. ყველა ძირითადი მიმართულება ორმხრივი თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია და ასევე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგანაც საფრანგეთის ჩართულობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოს წარმატებას ამ გზაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG