შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უსინათლო ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენი დღეს გაფრინდა პეკინიდან და ამჟამად შეერთებული შტატებისკენ მიემგზავრება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ჩენთან ერთად საზღვარგარეთ გაფრინდნენ მისი მეუღლე და ორი შვილი. მანამდე, შაბათს ჩენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოჯახთან ერთად მივიდა პეკინის აეროპორტში და იქ თავის რეისს ელოდება. უკანასკნელ მომენტამდე ჩენ გუანჩენი პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მანამდე, შინაპატიმრობიდან გაქცევის შემდეგ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში აფარებდა თავს ამერიკის საელჩოს ტერიტორიას. ამ ვითარებამ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია. მიმომხილველთა აზრით, პეკინი ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის შედეგად დათანხმდა ჩინეთიდან ჩენის გამგზავრებას. შეერთებულმა შტატებმა ჩენი ნიუ იორკის უნივერსიტეტში სასწავლად მიიწვია.
ყველაზე პოპულარული
1