Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არჩევანის თავისუფლებისთვის" კონტროლის პალატის თანამშრომელთა დასჯას ითხოვს


კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" კონტროლის პალატის თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯას ითხოვს. კოალიციის განცხადებით, 25 მაისს, როდესაც იუსტიციის სამინისტროსთან მედიის დასაცავად აქცია მიმდინარეობდა, ჟურნალისტზე ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. კოალიციის ინფორმაციით, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე და მისი წარმომადგენელი, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე საჯარო პროცესამდე საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ ყველა ნივთი დაცვის თანამშრომლებისთვის ჩაებარებინათ. ”მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს სრული უფლება ჰქონდა ჩაეწერა საჯარო პროცესი, რომელზეც მხარეს თავად წარმოადგენდა, კონტროლის პალატის თანამშრომლების ჯიმშერ დობორჯგინიძისა და ფატი მამიაშვილის მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო, დობორჯგინიძემ კი ჟურნალისტისთვის დიქტოფონის წართმევა სცადა", - ნათქვამია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” განცხადებაში. კოალიცია მომხდარს აფასებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად, რაც კანონმდებლობით ისჯება და კონტროლის პალატის თავმჯდომარეს მოუწოდებს, შეისწავლოს საქმე, მათ შორის აუდიომასალა, რომელიც მისი თანამშრომლების მხრიდან განადგურებას გადაურჩა, იმსჯელოს მათ დისციპლინურ გადაცდომასა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
XS
SM
MD
LG