Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მიმინოშვილი პოლიციის აკადემიის რექტორით შეცვალეს


საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა ხატია დეკანოიძე, რომელმაც პირობა დადო, რომ მისაღები გამოცდები „უფრო უკეთესად და უფრო სერიოზული მიდგომით“ ჩატარდება. ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორად მუშაობდა და განათლების ეროვნულ ცენტრში თავის გუნდთან ერთად მიდის. "მე ამაყი ვარ, რომ დიდი მუშაობის შედეგად პოლიციის აკადემიამ და შსს-მ დიდი წვლილი შეიტანეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის დანერგვაში. ვგულისხმობ განათლების სისტემაში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში ამ ზაფხულს გამოცდები ჩატარდება იმ სტანდარტებით, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყნას. უფრო უკეთესად და უფრო სერიოზული მიდგომით", – მოჰყავს ხატია დეკანოიძის სიტყვები ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების მინისტრმა 28 მაისს გაათავისუფლა სამსახურიდან, როგორც სამინისტრო აცხადებს იმ „პრინციპული განსხვავებების“ გამო, რაც გამოცდების მეთოდოლოგიის მიმართ, ეროვნული ცენტრის უფროსსა და მინისტრს შორის წარმოიშვა. თუმცა, თავად მიმინოშვილი მის გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივებსაც არ გამორიცხავს. მიმინოშვილის შვილი 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობდა. მაია მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, 29 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.
XS
SM
MD
LG