მიანმარის ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ანგ სან სუ ჩი ბერნში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეუძლოდ გახდა და გამოსვლა შეწყვიტა. ანგ სან სუ ჩი პირველად იმყოფება ევროპაში 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ. ბერნის პრეს-კონფერენციის დაწყებიდან ძალიან მალე მან თქვა, რომ გრძელი გზის გავლის გამო ძალიან იყო დაღლილი. შემდეგ ის ცუდად გახდა და ოთახიდან გაიყვანეს. ევროპული ტურნეს კულმინაცია იქნება გამოსვლა ოსლოში, სადაც მას ოფიციალურად გადასცემენ 1991 წელს მინიჭებულ ნობელის სამშვიდობო პრემიას. 24 წლის განმავლობაში, ანგ სან სუ ჩი ან შიდა პატიმრობაში იყო, ან კიდევ უარს ამბობდა მიანმარიდან გამგზავრებაზე იმის შიშით, რომ მმართველი სამხედრო რეჟიმი აღარ მისცემდა სამშობლოში დაბრუნების უფლებას. ორი თვის წინ მან არჩევნების შედეგად მოიპოვა მიანმარის პარლამენტის წევრის მანდატი.
ყველაზე პოპულარული
1