Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, მოლაპარაკებისას უარი თქვან „მაქსიმალისტურ პოზიციებზე“


აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ადასტურებენ მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მექსიკაში, "დიდი ოცეულის" სამიტთან დაკავშირებით ვიზიტისას, გაავრცელეს პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ, ვლადიმირ პუტინმა და ფრანსუა ოლანდმა. მათი ქვეყნები ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. ობამას, პუტინისა და ოლანდის განცხადებაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მოუწოდებენ, შეასრულონ წელს იანვარში, სოჭის შეხვედრაზე ნაკისრი ვალდებულება - დააჩქარონ შეთანხმების მიღწევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებზე. მათვე მოუწოდებენ, მოლაპარაკებების დროს უარი თქვან „მაქსიმალისტურ პოზიციებზე“, პატივი სცენ 1994 წელს დადებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და თავი შეიკავონ მტრული რიტორიკისაგან, რომელიც დაძაბულობას ამწვავებს. სამი პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც ეუთო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ სამხედრო ძალა ვერ მოაგვარებს კონფლიქტს და რეგიონი მხოლოდ მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით მოღწეული შეთანხმების შემდეგ შეძლებს სტატუს კვოსთვის თავის დაღწევას და უსაფრთხოდ, კეთილდღეობაში განვითარებას. აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები ადასტურებენ, რომ მათი ქვეყნები კვლავაც გააგრძელებენ მხარეებთან მჭიდროდ თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG