Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მედიის მუშაკთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამო


ეუთო შეშფოთებულია საქართველოში მედიის წარმომადგენელთა მიმართ სისტემატური ძალადობისა და მათი დაშინების გამო. ამის შესახებ საუბარია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაში. „ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად მუშაობა განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას მიეკუთვნება მედიასაშუალება, რომელშიც ისინი მუშაობენ", - ვკითხულობთ ეუთოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მიატოვიჩის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ისეთი ვითარების შექმნა, რომელშიც მედიას შეუძლია თავისი საქმიანობის განხორციელება ძალადობის შიშისა და ყოველგვარი წინაღობების გარეშე. განცხადებაში საუბარია 12 ივლისს, კარალეთში მომხდარ ინციდენტზე, როცა იქ გამართული საჯარო შეხვედრის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. პრესრელიზის თანახმად, 26 ივნისს მსგავსი ინციდენტი მოხდა სოფელ მერეთშიც. როგორც მიატოვიჩი აცხადებს, მაისში ეუთომ საქართველოს მთავრობას უკვე გაუგზავნა წერილი ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. „შეშფოთებული ვარ ამ ინციდენტების გამო და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეაჩეროს ეს შემაშფოთებელი ტენდენცია“ - აცხადებს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყადაღა დაედო ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებს, უარყოფითად არ აისახება ტელეკომპანიის მაყურებელის უფლებაზე, თავისუფლად მიიღოს ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG