Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები თურქეთიდან ბრუნდებიან


თურქეთში გემ ”გრანდ აილენდზე” მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა დამქირავებელი კომპანიისგან სახელფასო დავალიანება უკვე მიიღეს და ისინი 3 აგვისტოს დაბრუნდებიან საქართველოში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს გენერალურმა კონსულმა თურქეთში ზურაბ პატარაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ქართული მხარის ”არაერთგზის მიმართვისა და დაჟინებული თხოვნის შედეგად”, გემის მფლობელმა კომპანიამ მეზღვაურებს სახელფასო დავალიანება სრულად აუნაზღაურა. თუმცა როგორც ერთ-ერთმა მეზღვაურმა - მამუკა კოჩალიძემ უთხრა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს”, გემთმფლობელმა კომპანიამ მეზღვაურებს ერთი თვის ხელფასი დააკლო, მაგრამ ისინი მაინც კმაყოფილები არიან და 3 აგვისტოს დაბრუნდებიან შინ. ქართველი მეზღვაურები - ზვიად ბრუნჯაძე, ჯემალ მგელაძე, თემურ გოგრაჩაძე, ვეფხია ცინცაძე, რამინ გორგოშაძე და მამუკა კოჩალიძე - გემ "გრანდ აილენდზე" სამუშაოდ 8 თვის წინ წავიდნენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ისინი აბსოლუტურად უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებული სტამბოლის მისადგომებთან გჩერებულ გემზე. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები კუთვნილ 5 თვის ხელფასს ითხოვდნენ, რათა საქართველოში დაბრუნება მოეხერხებინათ.
XS
SM
MD
LG