Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან დამატებითი თანხა გადარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში


ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხა გადარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში, რათა სტიქიით დაზარალებულებმა მოქალაქეებმა სრული კომპენსაცია მიიღონ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის კომპენსაციის გასაცემად არაფერი გაუკეთებია და არც კახეთის რეგიონსა და არც სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში არავის არაფერი მიუღია მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ბიუჯეტში გაჩნდა დაუგეგმავი 80 მილიონი ლარი. ფანჯიკიძის განმარტებით, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს თანხა დაზარალებულთა სრული კომპენსაციისთვის საკმარისი არ არის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე, რომლებსაც ახალი, უკანონო ჯარიმა დაეკისრათ და მის გადახდას არ აპირებენ, მზად არიან ამ საკითხს გადახედონ და მოსახლეობის დასახმარებლად თანხა ბიუჯეტში გადარიცხონ. გასული კვირის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე კახა კალაძე 16 944 900, ბიძინა ივანიშვილი კი - 20 243 827 ლარით დააჯარიმა. თავად ეს ფაქტი ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა კოალიციის ლიდერებთან ხელისუფლების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.
XS
SM
MD
LG