ნორვეგიაში სასამართლომ შერაცხადად გამოაცხადა მასობრივი მკვლელი, ანდერს ბერინგ ბრეივიკი და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა შარშან მოწყობილი თავდასხმებისას 77 ადამიანის დახოცვისათვის. ბრეივიკი 33 წლისაა. 21-წლიანი პატიმრობა მას შესაძლოა გაუგრძელონ, თუ საზოგადოებისათვის კვლავაც სახიფათოდ მიიჩნევენ. სასამართლომ უარყო ბრალდების მოთხოვნა, „შეურაცხადად“ გამოეცხადებინა ბრეივიკი, რის შედეგადაც მას ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსებდნენ. თვით ბრეივიკი შერაცხადად მიჩნევას მოითხოვდა, რადგან სურს, მისი თავდასხმები განხილულ იქნეს პოლიტიკურ გამოსვლად მულტიკულტურული საზოგადოების კონცეფციის წინააღმდეგ. 2011 წლის ივლისში ბრეივიკმა ჯერ ბომბი ააფეთქა ოსლოში, მთავრობის შენობასთან, რასაც რვა ადამიანი შეეწირა, მოგვიანებით კი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 69 ადამიანი ახალგაზრდულ ბანაკში კუნძულ უტოიაზე. მოკლულებს შორის იყო საქართველოს მოქალაქეც, 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.
ყველაზე პოპულარული
1