Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა


პატიმართა წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მონაწილეობით. მიხეილ სააკაშვილმა მომხდარს სისტემური მარცხი უწოდა. "თქვენ გუშინ ამბობდით, რომ შემსრულებლებმა დავალება პატიმრებისგან მიიღეს. ბოდიში, მაგრამ ეს რაზე მეტყველებს, რა მდგომარეობაა ციხეებში. კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ, სამაგიეროდ რა ხდება შიგნით. ამიტომ ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მასშტაბური უნდა იყოს, ვიდრე ამ ხალხის დაჭერა", - მიმართა სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სისტემა მთლიანად უნდა გადაიხედოს და მთავრობას დაავალა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროებით შეიყვანოს საპატრულო პოლიცია, სანამ საპატიმროებში ”გადახალისება მოხდება.” სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც ჩართულნი იქნებიან პარლამენტის და საზოგადოების წარმომადგენლები და სახალხო დამცველი. "ამ წლების განმავლობაში გიორგი ტუღუში სულ ლაპარაკობს და მისგან ბევრი კრიტიკა ისმის, როგორც გაირკვა სამართლიანად”, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან ასევე სამართალდამცავებს დაავალა, უზრუნველყონ პატიმრების შეხვედრა ოჯახის წევრებთან.
XS
SM
MD
LG