Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს


პოლიციის ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც მათივე თქმით, რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს, ფონდ ”ქომაგის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ პირველ ყოვლისა, უერთდებიან პროტესტს, რომელსაც პატიმართა წამებას უკავშირდება. ყოფილი პოლიციელები სიცრუეს და ცინიზმს უწოდებენ შს-თა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ეკა ზღულაძის განცხადებას, თითქოს მიმდინარეობდა როტაცია და თანამშრომელთა ნაწილმა პოლიტიკური მოტივით თქვა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. სამსახურიდან დათხოვნილი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ზღულაძეა მფარველი იმ პირებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებაში განსხვავებული აზრის არაერთხელ გამოთქმის გამო. ყოფილი პოლიციელების მტკიცებით, ეს პირები არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი გრიგალაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი და მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე და იმავდროულად სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურაბ უკლება. ”ამ ადამიანებმა ჩვენ გამოგვაცხადეს ქვეყნის მტრებად, დღეს კი, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყავთ მთლიანად საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს ჩვენდამი თანადგომას და სიმართლეს აღიარებს” - ამბობენ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელები. ისინი დასახელებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვენ და ყოფილ კოლეგებს მოუწოდებენ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.
XS
SM
MD
LG