Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე: ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს


საპარლამენტო არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგებით უკვე ნათელია, რომ ხმების უმრავლესობა მოიპოვა კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა პატივს სცემს ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს და წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მთავარია სახელმწიფო და ქვეყნის და დემოკრატიის განვითარება. ”სწორედ ამიტომ ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, შევდივართ პარლამენტში და ვიმუშავებთ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესი, ქართული დემოკრატია და ეს არის ქართველი ხალხის ნება”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, ნაციონალური მოძრაობა 8 წლის განმავლობაში აშენებდა სახელმწიფოს და დემოკრატიას და საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ ორივე მათგანი შედგა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე ოპოზიციიდან განაგრძობს ბრძოლას სახელმწიფოს და დემოკრატიის გაძლიერებისა და ქვეყნის წინსვლისთვის და პარლამენტში შესვლით ქმნის პრეცედენტს, რათა მომავალში ყოველთვის ყველა პარტიამ აღიაროს არჩევნების შედეგები. დღესვე დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ კონსტიტუციურად პრეზიდენტს არაფერი უშლის ხელს წარადგინოს ვანო მერებიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში რიგგარეშე არჩევნები. ”ამას არ ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ, რომ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს, სახელმწიფოს და დემოკრატიას”, - განაცხადა ბაქრაძემ. მან აღნიშნა, რომ ოპონენტებისგანაც ელიან სახელმწიფოსა და კონსტიტუციის პატივისცემას.
XS
SM
MD
LG