Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. მას ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე,
ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი. არცთუ ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესას ჯერ ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა მიმართეს. ”ქართული ოცნების” ლიდერმა დღევანდელ შეხვედრას უწოდა გაგრძელება იმ ჯანსაღი პროცესისა, რომელიც მისმა გუნდმა შემოიტანა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ბიძინა ივანიშვილის შეფასებითვე, ქვეყნის ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი. ”ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად ვპასუხობდით ოპონენტების უღირს ქცევას, გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო საგარეო პოლიტიკაზეც, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირი აქვს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ ახალი ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს წინამორბედის სტარტეგიას, განუხრელი სწრაფვა იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ და საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი. ”კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა და თვითონ სააკაშვილმა მოახერხა არჩევნების ბოლოს ის განცხადება, რომელიც შევუქე და დღევანელი შეხვედრაც ემსახურება იმის ჩვენებას, რომ ვართ კულტურული ერი, ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა.
XS
SM
MD
LG