Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: პატიმრები კანონის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურად დაისჯებიან


რუსთავის, ქსნის და ორთაჭალის საპატიმროებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე გასულ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი შეფასებით, ყველაზე სუსტ წერტილებზე დაიწყო ყველაზე მეტი ზეწოლა ყოფილმა ხელისუფლებამ, რომელმაც არეულობის გარკვეული ბერკეტები გამოიყენა. სუბარის განცხადებით, ბოლო დღეებში გამოვლინდა ერთგვარი ტენდენცია, როდესაც ვითარება ხელოვნურად გარედან იძაბებოდა, რადგან მიუხედავად ცნობებისა, რომ საპატიმროებში სპეცრაზმელები შევიდნენ და მსჯავრდებულებს სცემენ, სინამდვილეში იქ სრული სიმშვიდე იყო. სოზარ სუბარის განმარტებით, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სამინისტრომ გადაწყვიტა მკაცრი რეაქცია არ ჰქონოდა, მაგრამ დღეიდან გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა. სუბარის ინფორმაციით, ორთაჭალის დაწესებულებაში არეულობის მცდელობისთვის საქმე აღიძრა 6 პატიმრის წინააღმდეგ, ხოლო ქსნის დაწესებულებასთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების მიერ ჯარისკაცის ცემის და საპატიმროს ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის გამო დაწყებულია მოკვლევა და საქმე შსს-ს გადაეცემა. ”ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, გატარებული იქნება ძალიან მკაცრი ზომები, ხოლო რაც შეეხება პერიმეტრს, კანონის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 20 მეტრში არ შეიძლება არანაირი მიტინგის მოწყობა და დამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ზომები”, - განაცხადა სუბარმა. მისივე განმარტებით, გარე პერიმეტრი შსს-ს დაქვემდებარებაშია, საპატიმროებში წესრიგს კი, სასჯელაღსრულების სამინისტრო დაამყარებს. რაც შეეხებათ ქსნის დაწესებულებაში მყოფ იმ პატიმრებს, რომლებსაც სოზარ სუბარის თქმით, გარკვეული გადაცდომა ჰქონდათ, მათ მიმართ რაიმე ზომებს არ მიმართავენ, თუმცა განუმარტეს, რომ დღეიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურად დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG