Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შემთხვევაში ორივე მხარეს გაუჭირდებოდა ასეთი ვიზიტით სათანადოდ სარგებლობა, რადგან ასეთი ვიზიტების მიზანია საქართველოს სამხედრო ლიდერებთან მოსაზრებების გაცვლა. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში, ეს კომენტარი გააკეთა ნატოს წარმომადგენელმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა. ოფიციალური პირის თქმით, მნიშვნელოვანია, სათანადო პროცესის სრული დაცვით და საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში იქნეს გამოძიებული ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს საქართველოში ბოლოხანს დაკავებულ ოფიციალურ პირებს. ამავე წყაროს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ლიდერებთან საუბარში მკაფიოდ აღნიშნა, რომ ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდირება. ნატოს სამხედრო კომიტეტი განიხილავს ვიზიტის სხვა დროს დანიშნვის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის წევრმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი გადაიდო იმის გამო, რომ ჯერ გარკვეული არ არის დელეგაციის მასპინძელი უწყების, ანუ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა.
XS
SM
MD
LG