საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას შეხვდა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში აღდგება „ნორმალური“ ვითარება და აღდგება კანონის უზენაესობა. ჩვენ ახალ მთავრობას „ხავერდოვნად“ გადავეცით ძალაუფლებაო, განაცხადა სააკაშვილმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნის ფაქტსაც. მარტინ შულცის თქმით, მის ქვეყანაში (გერმანიაში) ყოფილ მინისტრებს არ აპიტიმრებენ და ამიტომ საქართველოს ამბავი მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც შულცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან თავის მრჩევლებს სთხოვა საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული ზომების სამართლებრივი და პოლიტიკური ფონის შესწავლა. „ველოდები ანგარიშს და ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც საჭირო ინფორმაციას მივიღებო“, განაცხადა მარტინ შულცმა. ბრიუსელში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი ოთხშაბათს შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რუმპესაც.
ყველაზე პოპულარული
1