Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი აზიის სახელმწიფოებს სტუმრობს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სამ სახელმწიფოში დაიწყო ტურნე - რომლის დროსაც გათვალისწინებულია ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ბირმაში. კვირას ობამა ტაილანდში ჩაფრინდა და შეხვედრები გამართა მეფე ფხუმიპონ ადულიადეტთან და პრემიერ-მინისტრ იინგლაკ ჩინავატთან. შეხვედრის შემდეგ ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი მთავრობა დადებითად აფასებს აშშ-ის მხრიდან სამხრეთაღმოსავლეთ აზიის მიმართ გამოვლენილ ყურადღებას. ორშაბათს ობამა გახდება აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წარსულში სამხედრო დიქტატურის მქონე ქვეყანას, ბირმას ესტუმრება. ობამას თქმით, მისი ვიზიტი იმ დემოკრატიული პროგრესის აღნიშვნას ემსახურება, რომელიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში აღინიშნება - თუმცა ეს ვიზიტი არ ნიშნავს ბირმის მთავრობის მიღებას:
„როცა ბირმელ მათ ქვეყანაში ჩასული [აშშ-ის] პირველი პრეზიდენტის სტატუსით მივმართავ, ვეტყვი, რომ ვულოცავთ მათი ქვეყნის სვლას ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლების პატივისცემისკენ - და ვაფასებთ განცხადებებს უფრო დემოკრატიული მთავრობის ყოლის სურვილის შესახებ. მაგრამ მათ იმასაც ვეტყვი, რომ მათ ქვეყანას წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“ - განაცხადა ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტი ტურნეს კამბოჯაში დაასრულებს, სადაც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას და აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრება. ვაშინგტონი ესწრაფვის სამხედრო და სავაჭრო კავშირების გამყარებას ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-ის დახმარებით სურთ ჩინეთის მზარდი ძალაუფლების დაბალანსება.
XS
SM
MD
LG