Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანამის არხში გემზე მყოფი მეზღვაურები ქართველ დიპლომატს ხვდებიან


ქართველი მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან პანამის არხში, ნავსადგურიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით გაჩერებულ ხომალდზე, ხვდებიან ქართველ დიპლომატს, მექსიკაში საქართველოს ელჩ მალხაზ მიქელაძეს. მიქელაძე პანამაში ჩავიდა საგანგებოდ, მეზღვაურებთან შესახვედრად და მათ დახმარებაზე მოსალაპარაკებლად. დიპლომატის ვარაუდით, რომელიც მან რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში გამოთქვა ნაპირზე ქართველი მეზღვაურების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას, გემზე მისვლას და მოლაპარაკებას შეძლებდა, თბილისის დროით, ღამის პირველი საათისათვის. სენტ კიტსისა და ნევისის დროშით მცურავ ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის 12 ქართველი მეზღვაური აცხადებს, რომ გემის ნიგერიელმა მეპატრონემ რამდენიმე ხნის წინ პანამის არხში მიატოვა დაზიანებული გემი, უარი თქვა მის გარემონტებაზე და გაწყვიტა კონტაქტი დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან. როგორც რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა გემის კაპიტანმა, ზურაბ დავითაძემ, ეკიპაჟის ყველა წევრის სურვილია სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ისინი გადაჭრით მოითხოვენ რამდენიმე თვის დაგვიანებული ხელფასების გადახდას. რადიო თავისუფლება პირველად 16 ნოემბერს დაუკავშირდა გასაჭირში ჩავარდნილ ეკიპაჟს, რომელმაც ხმა მოგვაწვდინა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან, არის პატარა 100-მეტრიანი ტანკერი. გემი ეკუთვნის ნიგერიულ კომპანია Ocean Crest Company-ს. 12 ქართველი მეზღვაური ბათუმში დაასაქმა შუამავალმა კომპანია „ფრეგატმა“.
XS
SM
MD
LG