Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა” გამოაქვეყნა ”კორუფციის აღქმის ინდექსი”


ორგანიზაციის - ”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” დღეს გამოქვეყნებული კვლევის - ”კორუფციის აღქმის ინდექსის” თანახმად, 176 ქვეყნიდან ორ მესამედს მოქალაქეები ძალიან კორუფციულად აფასებენ. ორგანიზაციის წარმომადგენელმა სვეტლანა სავიცკაიამ ”რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ საზოგადოება მოითხოვს მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ უწყებებსა და საჯარო მოხელეებს. სავიცკაიას თანახმად, პრიორიტეტებს შორის არის უფრო მკაცრი წესების დაკანონება ლობისტურ საქმიანობასა და პოლიტიკურ დაფინანსებაზე, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მეტი გამჭვირვალება. ავღანეთი კიდევ ერთხელ მოექცა ”კორუფციის აღქმის ინდექსის” სიის ბოლოში. რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაჩვენებელიც ცუდია, საქართველოს გამოკლებით, სადაც გაუმჯობესება შეინიშნება. ”ტრანსპარენსი ინტერნეიშენალის” შედგენილი ინდექსი ემყარება მონაცემებს, რომლებიც ბოლო 24 თვის განმავლობაში გროვდებოდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ, რომლებიც მართვისა და ბიზნეს-კლიმატის ანალიზს აწარმოებენ. გამოკვლეული 176 ქვეყნიდან ორ მესამედს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს. ცნობისათვის - 0 ქულა ნიშნავს ძალიან კორუმპირებულს, 100 ქულა კი - ძალიან სუფთას. სვეტლანა სავიცკაია აღნიშნავს, რომ საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ განხორციელდა ”ძლიერი ანტიკორუფციული რეფორმა”, განსაკუთრებით - პოლიციასა და განათლების სექტორში. თუმცა, სავიცკაია დასძენს, რომ კორუფცია (მათ შორის - კორუფცია მთავრობაში) დიდ პრობლემად რჩება საქართველოსთვის.
XS
SM
MD
LG