Accessibility links

ახალი ამბები

ეგვიპტის პრეზიდენტმა გააუქმა თავისი დეკრეტი, ოპოზიცია პროტესტს არ წყვეტს

მას მერე, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა, მოჰამად მურსიმ გააუქმა თავისი დეკრეტი, რომლის თანახმად, ქვეყნის მეთაურს ძალაუფლება უფართოვდებოდა, მის მოწინააღმდეგეებს სურთ, რომ გაუქმდეს სადავო კონტიტუციის რეფერენდუმიც. ამ დეკრეტის გამოცემას მასობრივი მღელვარება და გამოსვლები მოჰყვა ეგვიპტეში. ამასთან, მურსიმ არ შეასრულა სხვა მოთხოვნა და არ გადადო 15 დეკემბრისთვის დანიშნული რეფერენდუმი, რომელზეც ხალხმა თავისი აზრი უნდა გამოთქვას კონტიტუციის ახალი პროექტის მიმართ. პროექტი მიიღო კომისიამ, რომელშიც მურსის მომხრე ისლამისტები წარმოადგენენ უმრავლესობას. იმის შესახებ, რომ პრეზიდეტმა მოაწერა ხელი ახალ დეკრეტს, რომლის პირველი მუხლი 22 ნოემბრის დეკრეტის გაუქმებას ეხება, მურსის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება პარტიის და სხვა აქტივისტების შეხვედრაზე, რომელიც იმართება საყოველთაო დიალოგის ჩარჩოებში, და რომელიც შაბათს დაიწყო. დეკრეტის მიხედვით გაუქმებულია ქვეყნის მეთაურის ფართო უფლებამოსილებით აღჭურვის მუხლი, მაგრამ ფაქტიურად ძალაში დარჩა ის თავი, რომელიც პრეზიდენტის გადაწყვეტილების სასამართლოს მხრიდან ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. ახალ დეკრეტში ასევე ლაპარკია ახალი ასამბლეის მოწვევაზე, თუ კონსტიტუციის პროექტს ხალხი მხარს არ ადუჭერს რეფერენდუმზე. მთავარი ოპოზიციური გაერთიანება, გადარჩენის ეროვნული ფრონტი, რომელმაც შაბათის შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი

მამუკა ბახტაძე: „თიბისისთან“ დაკავშირებით, მე დავინახე პოლიტიკური სპეკულაცია

„სამწუხაროდ, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. პრემიერი მოუწოდებს საზოგადოებას დაელოდოს გამოძიებას, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი: „ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები, განსაკუთრებით კომპანიები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ძალიან შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე არგუმენტირებული პასუხი. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად მე არ მიმაჩნია პრობლემად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროკურატურა 2008 წელს „თიბისი ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიებას აწარმოებს. ინფორმაცია ამის შესახებ 9 იანვარს დაადასტურა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ. მათი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ.ფულის გათეთრების) ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთილი არ არის. თუმცა გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს. „თიბისი ბანკი“ მის მიმართ ზოგიერთი მედიით გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პოლიტიკურ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესს, შესაძლოა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდეს.

ჩაკეტილ ახალგორს ერთი დღით გახსნიან

ახალგორი

19 იანვარს ერთი დღით გაიხსნება ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობის თხოვნით მიიღო და სპეციალურ სიას ადგენს. 11 იანვრიდან, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ „ღორის გრიპის“ გამო დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი, დაბიდან გასვლას ვეღარ ახერხებენ ახალგორელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 20-მდე ახალგაზრდა ელოდება ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას. გარდა ამისა, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ახალგორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და სამსახურის გაცდენა უწევთ. ამიტომ დე ფაქტო ადმინისტრაციამ ე.წ. გამშვები პუნქტის ერთი დღით გახსნა გადაწყვიტა და 19 იანვარს ორმხრივი გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური სიით. თამარ მეარაყოშვილის ცნობით, დღის განმავლობაში მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ გადაადგილების უფლებას მისცემენ. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილი იქნება კიდევ ერთი თვის განმავლობაში.

ბახტაძე: თუ "გაზპრომთან" ახალი კონტრაქტი იქნება ამას საზოგადოება გაიგებს

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მორიგი მოლაპარაკება რუსულ კომპანია „გაზრპომთან,“ რომელიც საქართველოს გავლით სომხეთს აწვდის ბუნებრივ აირს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მამუკა ბახტაძეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რა პირობებით აპირებს მთავრობა „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა. „ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ სატრანზიტო ფუნქციაზე უარის თქმას. საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან სარგებელს ღებულობს ზოგადად სატრანზიტო ფუნქციიდან და ამას გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. თუ ახალი ხელშეკრულება დაფიქსირდება, ბუნებრივია, ეკონომიკის სამინისტრო დეტალურად გააცნობს საზოგადოებას ჩვენი მასმედიის დახმარებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. შეკითხვას ოპოზიციის შიშზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა, კაბალურ, ქვეყნისთვის წამგებიან პირობებს დათანხდეს, ბახტაძემ უპასუხა, რომ ყოველთვის ცდილობს შინაარსობრივ პასუხს და უკვე თქვა, რომ საქართველო განაგრძობს სარგებლის მიღებას ნებისმიერი სატრანზიტო საქმიანობიდან. „რაც შეეხება შიშებს და მოლოდინებს, იგივე პოლიტიკური გუნდი მათ შორის საუბრობდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რომ მილსადენის გაყიდვა იგეგმებოდა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ბასიანისა" და "გალერის" რეიდამდე დაკავებულ ორ პირს ნარკოტიკების გასაღებისთვის 7 და 8 წელი მიუსაჯეს

თბილისის ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში მაისის სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებულ ორ პირს, ნარკოტიკების გასაღებისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი აბები შეიძინა და ნაწილი, რეიდებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2018 წლის 28 აპრილს "ბასიანის" შესასვლელთან გაასაღა. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ცნობით, კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა მდმა-ს შემცველი აბები 2018 წლის 5 მაისს, თბილისის კლუბ "მტკვარზე" გაასაღა. მას 8-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2018 წლის 12 მაისს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში, ბასიანსა და გალერიში რეიდი ჩაატარა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, კლუბების შიდა ტერიტორიაზე, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს, დანარჩენი 7 - გარეთ.

რეიდის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, თბილისში საპროტესტო "რეივ აქციები" იმართებოდა, სადაც სამართალდამცავების მხრიდან "ძალის გადამეტებას" აპროტესტებდნენ. აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ, ბოდიშის მოხდის შემდეგ დასრულდა.

შსს: დაკავებულია "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.

ათასლარიანი ჯარიმა ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორმა 1000 ლარისთ დააჯარიმა.

დაჯარიმების თაობაზე ცნობა ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ გაავრცელა, თავის ფეისბუკის გვერდზე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიამ ნოემბერში გააფღხილა, რომ საპროტესტო აქცია უნდა უშეეწყვიტათ საახალწლო ნაძვის ხის განთავსების გადაწყვეტილების გამო, ან განმარტებას თბილისის მერიამ თან ზაზა სარალიძის პერსონალური მონაცემები დაურთო.

საკითხის გარკვევის შემდგომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინა,, რომ თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიაციის განვითარების სააგენტომ” დაარღვია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, რის საფუძველზეც ის 1000 ლარით დააჯარიმა.

ორი პირი დააკავეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან, გაზის გაჟონვას მოყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

16 იანვარს, დიდ დიღოში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 8 პირი.

მოსკოვში დააკავეს ბელორუსი მოდელი ნასტია რიბკა

ნასტია რიბკა

რუსეთმა დააკავა ბელორუსი მოდელი, რომლის თქმით, მოეპოვება იმის მტკიცებულება, რომ კრემლი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდა. ანასტასია ვაჩუკევიჩი, რომელიც ნასტია რიბკას სახელითაცაა ცნობილი, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მას დეპორტაცია გაუკეთეს ტაილანდიდან.

რიბკა და ტაილანდიდან დეპორტირებული კიდევ სამი ადამიანი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს, იტყობინება ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი.

როგორც ტასი იუწყება რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, დაკავებული ოთხი ადამიანი პროსტიტუციაში სხვების ჩართვაში არიან ეჭვმიტანილი.

2018 წელს ნასტია რიბკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც ეხებოდა ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას. ნავალნი ამტკიცებდა, რომ პრიხოდკომ დერიპასკასთან ერთად ნორვეგიის ნაპირებთან, ამ უკანასკნელის იახტაზე, სამი დღე გაატარა „საესკორტო სააგენტოს გოგონებთან“ ერთად. ეს ამბავი ნასტია რიბკას წიგნიდან და ინსტაგრამიდან გახდა ცნობილი. ნავალნიმ პრიხოდკოს კორუფციაში დასდო ბრალი.

კახა კალაძე: გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ

"ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებებიც და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ ეს ადამიანები ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ.

ხაბეიშვილმა საგამოძიებო უწყებას მოუწოდა კახა კალაძე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში დაკითხოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძე ყაზტრანსგაზის არაოფიციალური მენეჯერია.

რუსეთი აცხადებს, რომ გაზის გაჟონვა რჩება მაგნიტოგორსკში აფეთქების მთავარ სავარაუდო მიზეზად

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გაზის გაჟონვა რჩება მთავარ სავარაუდო მიზეზად აფეთქებისა, რომელსაც დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მაგნიტოგორსკში. 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ნგრევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ვერსიას. როგორც საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტრაგედიის ადგილზე ასაფეთქებელი მასალის არავითარი კვალი არ არის ნაპოვნი და, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებასთან. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ ყოველკვირეულ საინტერნეტო პუბლიკაციაში განაცხადა, რომ მისი მოწყობილია აფეთქებები მაგნიტოგორსკში და ურალში.

დიდ დიღომში ახალი სასწავლო კომპლექსი შენდება

18 იანვარს საფუძველი ჩაეყარა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც გააერთიანებს შემდეგ სივრცეებს: ბაღი, სკოლა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნოპარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორია, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი.

კომპლექსი დიდ დიღომში აშენდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ საძირკველში კაფსულა ჩადეს. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. 2019 წელს იგეგმება სხვა მსგავსი კლასტერების მშენებლობაც. მინისტრისავე განმარტებით, ამ კომპლექსის აგება თანამედროვე მიდგომებისათვის საჭირო სივრცის ნაკლებობამ გამოიწვია. პროექტი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ფარგლებში განხორციელდება.

თბილისის ყოფილი მერი არ გამორიცხავს "ყაზტრანსგაზის" მიმართ კახა კალაძის ბიზნესინტერესს

გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა ნაწილობრივ მართალი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზში“ შესვლას აპირებს კახა კალაძესთან დაახლოებული ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. უგულავას განცხადებით, უკვე მერვე წელია „ყაზტრანსგაზი“ არც კერძო და არც სახელმწიფო კომპანიაა და შესაბამისად, არ აქვს განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია.

„გამოსავალია, რომ სახელმწიფომ უნდა წამოიღოს და ამის ლეგალური ბერკეტი არსებობს, და შემდეგ უნდა მოხდეს გამჭვირვალე ტენდერის ჩატარება, გასხვისება, მართლა ინვესტორის და არა ხვიჩა მაქაცარიას შემოყვანა, რათა კომპანია განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და თანამშრომლებს ჰქონდეთ იმდენი ხელფასი, რომ ასე უგულისყუროდ არ ეკიდებოდნენ თავის სამუშაოს და ინვესტიცია ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში, რომელიც მთლიანად მოძველებულია“ - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, თუ ხვიჩა მაქაცარია მართლაც აღმოჩნდა „ყაზტრანსგაზის“ მფლობელად, კომპანია იქნება კალაძის საკუთრებაში, რადგან ისინი ბევრ ბიზნესში არიან პარტნიორები. გიგი უგულავას თქმით, თბილისელებს უნდა ჰქონდეთ ათი თვალი და ათი ყური.

ქუთაისში იმატა ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებით დაინტერესებული მოქალაქეების რიცხვმა

ქუთაისში იმატა ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოებით დაინტერესებული მოქალაქეების რიცხვმა. "სოკარ ჯორჯია გაზის" თანამშრომლები ქუთაისში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. კომპანიის განცხადებით, გამოძახებებმა იმატა 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 8 დაშავდა.

როგორც კომპანიის იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე გაბრიჭიძე აცხადებს, მთავარ პრობლემას ხშირ შემთხევაში წარმოადგენს მოქალაქეების მიერ სახლში თვითნებურად დამონტაჟებული მოწყობილობები, რომლებსაც გაზის კომპანია ვერ აკონტროლებს. ალექსანდრე გაბრიჭიძე ამბობს, გარდა გამოძახებებისა, კომპანია წელიწადში ერთხელ ახორციელებს შემოწმებას.

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად რამდენიმე თვის წინ ქუთაისში ახალგაზრდობის ქუჩაზე მამაკაცი დაშავდა.

18 იანვრის საღამოდან წითელას აცრა უფასო გახდება

მთავრობის 18 იანვრის სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა, დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა, დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

დაავადეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში წითელას, მწვავე ვირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებაა.

ამირან გამყრელიძე: მოსახლეობის დიდ კოჰორტას არ აქვს იმუნურობა წითელას მიმართ

„მოსახლეობის დიდი კოჰორტაა, დაახლოებით 200 ათასი და მეტი, რომლებსაც იმუნურობა წითელას მიმართ არ აქვს. ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი აიცრან. ძირითადად ლაპარაკია 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებზე. აუცილებელი, რომ მათ ერთი აცრა მაინც ჩაიტარონ“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას, მწვავე ინფექციური ვირუსის ეპიდაფეთქებაა. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი გაორმაგებულია. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მშობლებს დაუყოვნებლივ გადაამოწმონ შვილების აცრის კალენდარი: „თუკი ბავშვი არ არის აცრილი ერთი წლისა და ხუთი წლის ასაკში, ისინი აუცილებლად უნდა აცრან“.

სერგეენკო: წითელასა და სასწავლო პროცესის თაობაზე განათლების სამინისტროსთან გვექნება კონსულტაცია

„წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გვექნება შემაჯამებელი კონსულტაცია განათლების სამინისტროში და შედეგებს მოვახსენებთ საზოგადოებას“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟურნალისტების კითხვას, ინფექციური ვირუსის ეპიდაფეთქების გამო ხომ არ იგეგმება სასწავლო პროცესის გადადება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა: „წითელას გრიპის ვირუსისგან განსხვავებით სხვა სპეციფიკა აქვს. სკოლაში არ უნდა დადიოდეს ბავშვების მესამედი, იმისათვის, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღით გადადების გადაწყვეტილება მივიღოთ. იქიდან გამომდინარე, რომ კომბინირებულ სიტუაციაში ვართ, ვირუსი უკან იხევს და წითელათი დაავადებულთა რაოდენობა ერთ კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოს განათლების სამინისტროსთან გავმართავთ შეხვედრას“, - ამბობს დევით სერგეენკო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, საქათველოში წითელას, მწვავე ინფექციური ვირუსის ეპიდაფეთქებაა.

გიგი უგულავა კახა კალაძეს ბრალს სდებს "პოლიტიკურ ცვედნობაში"

გიგი უგულავა

თბილისის ყოფილმა მერმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დაადანაშაულა საზოგადოების მოტყუებაში. უგულავას შეფასებით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტინქტია წინამორბედისკენ ხელის გაშვერა.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ბატონი მერისგან გაშვერილი ხელი, თითქოს, 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე არ არის კავშირში ერთმანეთთან ექსპლუატაციაში მიღება შენობის და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა, დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული კომუნალური სერვისების იქ შეყვანასთან და ეს სწორია. და აქ უნდა დაესვა ბატონ კალაძეს წერტილი, მაგრამ სამწუხაროდ, მან როგორც სჩვევია, გამოავლინა პოლიტიკური ცვედნობა და კვლავ ხელი გაიშვირა წინა ხელისუფლებისკენ“ - განაცხადა გიგი უგულავამ. თბილისის ყოფილი მერის ინფორმაციით, 2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. უგულავას თქმით, თბილისში ათი ათასობით ასეთი ადამიანია, განსაკუთრებით დევნილები. „თქვენ ამბობთ, რომ კანონს... ექსპლუატაციამიუღებელ შენობაში ადამიანი გაჭირვებისგან ცხოვრობს და იმას კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო, ანუ ღარიბი კიდევ უფრო გააღარიბო. თან ვიცით, რომ ეს ადამიანები ჯარიმას ვერ გადაიხდიან“ - განაცხადა უგულავამ. მან კალაძეს მიმართა, რატომ ატყუებს საზოგადოებას, რადგან უგულავას შეფასებით, პრობლემაა არა კანონი, არამედ მისი აღსრულება.

"იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ უკანასკნელ წლებში არცერთ ასეთ შემთხვევაზე, არცერთი დამნაშავე გამოძიებას არ გამოუვლენია. არცერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არცერთ კომპანიას არ გაუწევია. ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა, რომელიც მოქალაქეების სასარგებლოდ იყო შეცვლილი,“ - განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, თუ კანონი არ ვარგოდა, მისი შეცვლა შეეძლო "ქართულ ოცნებას," რომელიც უკვე შვიდი წელია ხელისუფლებაშია.

გერმანიიდან დეპორტირებულია საქართველოს 62 მოქალაქე

გერმანიის საქსონიის რეგიონიდან 17 იანვარს საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას, რომელიც გერმანულ მედიაში გავრცელდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გერმანული წყაროები წერენ, რომ დეპორტირებულთაგან 26, საქსონიის რეგიონში ითხოვდა თავშესაფარს, დანარჩენები კი - ბადენ-ვიურტემბერგის, საქსონია-ანჰალტის, რაინლანდ-პფალცის, ბაიერნის, თიურინგიის, ქვემო საქსონიის, ჰესენისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონებში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპორტაციის მიზეზებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ყველა დეპორტირებული უკვე საქართველოშია.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ 2018 წელს სამი ჯგუფის დეპორტაცია განხორციელდა საქართველოში.

გასული წლის ზაფხულში გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების შესახებ და აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად ბუნდესტაგს გადაეგზავნა.

ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორ მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს მედალს ჩამოართმევენ

დავით მოძმანაშვილი

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ვერცხლის მედლის დაბრუნება მოუწევს. მიზეზი დოპინგტესტის შედეგია - ექვსი წლის წინ აღებულმა სინჯმა დადებითი პასუხი აჩვენა დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონზე (ტურინაბოლი) და სპორტსმენს მიესაჯა დისკვალიფიკაცია.

მოძმანაშვილისთვის ეს პირველი დოპინგსკანდალი არაა და, შესაბამისად, უმკაცრესი სასჯელი ელის - სამუდამო დისკვალიფიკაცია. ქართველი მძიმეწონოსანი პირველად აკრძალული პრეპარატის მიღებაში ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ ამხილეს. 21 წლის მოძმანაშვილი ტამპერეში გამართულ ევროპირველობაზე ჩემპიონი გახდა, მაგრამ მოგვიანებით ოქროს მედალი ჩამოართვეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოს ნაკრებშიც დაიბრუნა ადგილი და 2011 და 2012 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა.

2016 წელს დავით მოძმანაშვილის შესახებ ისევ გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, ოღონდ სკანდალს საერთაშორისო მასშტაბი აღარ მიუღია და სპორტსმენს, შიდა სანქციით, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

2017 წელს მოძმანაშვილმა უზბეკეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში გახდა აზიის თამაშებისა (2017) და აზიის (2018) ჩემპიონი.

რუსული ბომბდამშენების შეჯახების თაობაზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება

სუ-34

შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიის ზღვის თავზე ერთმანეთს შეეჯახა სუ-34 ტიპის ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ერთი ბომბდამშენი ზღვაში ჩავარდა, მეორემ კი ძრავის დაზიანების მიუხედავად, დაშვება შეძლო. განსხვავებული შინაარსისაა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია. სამინისტროს მტკიცებით, სასწავლო მანევრირებისას ორი სუ-34 ერთმანეთს შეეხო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟები კატაპულტირებულია.

განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს მიმართავს ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტრო დაწესებულებებს სთხოვს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ:

„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების რეკომენდაცია განათლების სამინისტრომ ორი კვირის წინ, ქვეყანაში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო გასცა.

„ყაზტრანსგაზი“ განმარტავს შენობების გაზიფიცირების რეგულაციებს

„მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიატი (კომპანია) ვალდებულია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც 18 იანვარს გამოაქვეყნა კომპანია „ყაზტრანსგან თბილისმა“ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვამ:

„მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100-მა პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც,კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

ყაზტრანსგაზი: დიდ დიღომში აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში 16 იანვარს მომხდარი აფეთქება, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"16 იანვარს, 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია" - ნათქვამია "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში. კომპანია აღნიშნავს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„ყაზტრანსგაზი“: 16 იანვრის დილას საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში მომხდარ აფეთქებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს:

„2019 წლის 16 იანვარს, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შემოვიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. აღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კახა კალაძე: პოპულისტებს ურჩევნიათ კანონში ჩაიხედონ

„სანამ არაკვალიფიციური პოპულისტები, თუ მიკერძოებული მედიასაშუალებები, პოლიტიკური მოტივით სრულიად უაპელაციო და არაკომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებენ და ასეთ ტრაგედიაში სრულიად უაპელაციოდ გაიშვერენ თითს ვინმესკენ, ურჩევნიათ კანონმდებლობას ჩახედონ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 იანვარს, მერიაში გამართულ ბრიფინგზე. თბილისის მერმა დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვისგან მომხდარი აფეთქების ფაქტზე განმარტებები გააკეთა და იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც მისი თქმით, ორი დღეა ისმის: „ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს დედაქალაქი წლების განმავლობაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც მაგალითად, ვაკის პარკში გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა; ვინც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა და სამშენებლო ნებართვა გასცა; ადამიანები, ვინც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მოედანი გაასხვისა და მისცა მშენებლობის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შესაბამისად, ცვლილებებში, კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში მაქვს თითოეული თბილისელის მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი“, - აცხადებს კახა კალაძე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG