Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს


დღეს მსოფლიოს ქრისტიანების უდიდესი ნაწილი აღნიშნავს იესოს დაბადებას, შობის დღეს. მას ფართოდ აღნიშნავენ ბეთლემში, სადაც ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტე იშვა. ქრისტეშობას მიეღვნა საზეიმო მესა, რომელიც ვატიკანში გაიმართა და რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავარმა, რომის პაპმა, ბენედიქტე მე-16 ჩაატარა. თავის მიმართვაში, „ურბი ეტ ორბი“ - „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“, პაპმა 65 ენაზე წარმოთქვა ქრისტეშობის მისალოცი მათ შორის ქართულად. პეტრეს ბაზილისაკთან ათეულ ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. შობას ზეიმობენ ქართელი არამართლმადიდებელი ქრისტიანები, კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვები. მათ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკავშვილმა მიულოცა ქრისტეშობა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით. მიხეილ სააკაშვილმა მილოცვაში ქართველი კათოლიკეების წვლილი აღნიშნა ისტორიაში და ხაზი გაუსვა, რომ „ისინი საუკუნეების განმავლობაში იღწვოდნენ ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და დღესაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ“. პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს შობა და აღნიშნა,რომ ,,მილიონობით ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღეა. ეს არის მაცხოვრის დაბადების, ახალი ერის დაწყების დღე – ამ დღემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობის ისტორია, შეცვალა ადამიანი, მისი აზროვნება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება სამყაროსადმი, სიცოცხლისადმი, მოყვასისადმი, ამან მისცა დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას. დღევანდელი დღე მინდა მოვულოცო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც დღეს – 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. მინდა გისურვოთ ბედნიერი მომავალი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. მრავალი შობა გეზეიმოთ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში”, ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.
XS
SM
MD
LG