„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი კრიტიკულად აფასებს მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბოლოდროინდელ ვიზიტს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდეს საქართველოს ეკლესიას, "თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნეს გამოყენებული". ხოლო როგორც პარლამენტის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა ორშაბათს, თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მას არასწორად მიაჩნია იმის თქმა, რომ „თითქოს ეს საუკუნოვანი, თაობათა განმავლობაში არსებული (მათ შორის ქართული ეკლესიის მონაწილეობით) ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რუსეთის სხვადასხვა ფორმით არსებული იმპერიისაგან - ეს არის, თურმე, გაუგებრობა და ცალკეული ადამიანების მიერ ჩადენილ შეცდომებს ეყრდნობა“. მოსკოვში ილია მეორის ვიზიტის მიმართ ნაციონალური მოძრაობის წევრების კრიტიკას მოჰყვა კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადება. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმიტომ არიან უმცირესობაში, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა რუსეთთან და სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, როგორც ჩანს, ხალხისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
ყველაზე პოპულარული
1