Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს ემადლიერება


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 22 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დაუჭირეს მეორე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტებს. 22 თებერვალს დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ოთხ კანონპროექტში ორი კანონპროექტი ორგანულ კანონებს უკავშირდება და შესაბამისად - მაღალ კვორუმს საჭიროებს. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, უმცირესობის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ უმრავლესობა ვერ მოახერხებდა ამ ორგანული კანონპროექტების დამტკიცებას: ”კარგია, რომ ჩვენ ვახერხებთ იმ საკითხებზე შეთანხმებას და მათ შორის, კენჭისყრაშიც სათანადო პოზციების დაფიქსირებას, რომელიც საერთო ინტერესებშია. იმედია, ჩვენ ბევრი გვექნება ასეთი შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური და პარტიული ნიშნით არ მოხდება კენჭისყრა, როდესაც კანონპროექტს აქვს სათანადო დასაბუთება და საჭიროება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე. დავით უსუფაშვილი ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 22 თებერვალს მეორე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტებზე. დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს 4 კანონპროექტი, საუბარია: კანონპროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონპროექტზე „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონპროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და კანონპროექტზე „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაგეგმილია, რომ ხსენებულ კანონპროექტებს დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენითაც უყარონ კენჭი.
XS
SM
MD
LG