Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქსავიერ როუარდი: თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება


საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის ყველა დიპლომირებულ პირს, მათ შორის თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ ქსავიერ როუარდმა. მისი განმარტებით, სასწავლებლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა, კონტროლის პალატაში, რომელიც სასამართლო ორგანოა და ასევე ინსტიტუტებში, სადაც საჭიროა იურიდიული განათლება. საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა თავის დროზე შეძლო მუშაობის დაწყება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ”ამიტომ ვადასტურებ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის მსგავსად ქალბატონ თეა წულუკიანს აქვს იურიდიული განათლება", - განაცხადა ქსავიერ როუარდმა. მისი განმარტების კომენტირებისას პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გოგა ხაჩიძემ, რომელმაც იუსტიციის მინისტრისგან 1 მარტს მოითხოვა პასუხი შეკითხვაზე, აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება, დღეს ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ იურიდიული განათლების ხარისხს არა საელჩოები, არამედ სასწავლო დაწესებულებები განსაზღვრავენ. ხაჩიძის თქმით, არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა თეა წულუკიანმა საჯარო ადმინისტრირების განხრით დაამთავრა და არა იურიდიულით. დღესვე საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენე სალენსმა მე-9 არხს განუმარტა, რომ შეკითხვაზე, იძლევა თუ არა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა იურიდიულ განათლებას, პასუხი დადებითია. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის სკოლა, სადაც ისწავლა საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, შვიდმა პრემიერ-მინისტრმა და ბევრმა მინისტრმა, მათ შორის სამმა იუსტიციის. თავად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პირველი არხის ეთერით საზოგადოებას წარუდგინა საფრანგეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
XS
SM
MD
LG