Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ადასტურებს, რომ მშვიდობისდამცველები სირიიდან იორდანიაში გადავიდნენ


გაერო ადასტურებს, რომ სირიიდან იორდანიის ტერიტორიაზე გადავიდა გაეროს მშვიდობისდამცველების ჯგუფი, რომელიც ოთხი დღე ჰყავდათ დაკავებული სირიელ მეამბოხეებს. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელ ლახდარ ბრაჰიმის დამასკის ოფისის ხელმძღვანელმა, მოხტარ ლამანიმ დაადასტურა, რომ მშვიდობისდამცველები იორდანიაში ჩავიდნენ. საქმე ეხება 21 მშვიდობისდამცველს (21-ვე ფილიპინელია). ისინი ოთხშაბათს შეიპყრეს სირიელმა მეამბოხეებმა, რომლებიც მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვდნენ რეგიონიდან სირიის მთავრობის ჯარების გასვლას. მძევლები დაკავებული ჰყავდათ სოფელ ჯამლაში, ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის მაღლობებთან. მათ შეპყრობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „იარმუკის მოწამეებს“. გაეროს სამშვიდობო ძალები 1974 წლიდან მეთვალყურეობენ სირია-ისრაელის ზავს გოლანის მაღლობებზე.
XS
SM
MD
LG