ინდოეთის პოლიციის ცნობით, დელის ავტობუსში ახალგაზრდა ქალის ჯგუფური გაუპატიურების გახმაურებულ საქმეში მთავარმა ბრალდებულმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ციხეში. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, რამ სინგჰმა, ორშაბათს ჩამოიხრჩო თავი. თუმცა ქალთა უფლებების დამცველები ეჭვებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა ის თვითმკვლელობას ინდოეთის ყველაზე ძლიერად დაცულ ციხეში. დელის ქალთა კომისიის ხელმძღვანელმა, ბარხა სინგ შუკლამ ასეთი მოსაზრება გამოთქვა: „მთელი მსოფლიო და ინდოეთი ელოდებოდნენ, რომ ამ ხალხს ჩამოახრჩობდნენ. ახლა კი მთავარმა ეჭვმიტანილმა თავი ჩამოიხრჩო ტიჰარის ციხეში - სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ეს ძალიან უცნაური ამბავია. რამდენადაც ვიცი, მას [სხვა პატიმრებისგან] განცალკევებით ამყოფებდნენ. მოკლედ, ჩემი აზრით ეს ძალიან უცნაური შემთხვევაა. ჩნდება შეკითხვები პოლიციის მიმართ“. სინგს ბრალად ედებოდა იმ ავტობუსის მართვა, რომელშიც დეკემბერში 23 წლის ქალი ექვსმა კაცმა გააუპატიურა და სასტიკად სცემა. გაუპატიურების მსხვერპლი ქალი მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ თავდასხმას მთელი ინდოეთის მასშტაბით მოჰყვა პროტესტი და აღშფოთება. მოქალაქეები ქალთა დაცვის გაძლიერებას მოითხოვდნენ. დანაშაულში ბრალი სინგჰის ჩათვლით ხუთ კაცს წაუყენეს. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და, როგორც ვარაუდობენ, განაჩენი მალე იქნება გამოტანილი. მეექვსე ეჭვმიტანილი 17 წლის არის და მის საქმეს არასრულწლოვანთა სასამართლო ცალკე განიხილავს.
ყველაზე პოპულარული
1