Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამხედრო ოპერაციისას ათობით ექსტრემისტი გაანადგურეს


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ავღანეთისა და ნატოს სამხედროებმა თალიბანის 23 ექსტრემისტი მოკლეს და 26 დაჭრეს ლოგარის პროვინციაში მიმდინარე ორდღიან სამხედრო ოპერაციაში, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა. როგორც პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილემ ხან აბდულ რაჰიმზაიმ უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, ოპერაცია ავღანეთისა და ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ქვედანაყოფების ერთობლივი ძალებით განხორციელდა. ავღანური წყაროები იუწყებიან ასევე 40 ექსტრემისტის დაპატიმრების თაობაზე. პროვინცია ლოგარი ავღანეთის ერთ-ერთ ისეთ უკონტროლო რეგიონად ითვლება, სადაც თალიბანი მძლავრად არის წარმოდგენილი. ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ ასევე, რომ შეტაკებების დროს ხუთი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალი და ოთხი ბავშვიც დაიღუპა. თავის მხრივ თალიბანი კი 28 სამოქალაქო პირის დაღუპვის თაობაზე იტყობინება. ჟურნალისტებისათვის ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაში თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა შეტაკებაში 12 ექსტრემისტის სიკვდილი დაადასტურა.
XS
SM
MD
LG