Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა უარყოფს მომღერალ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. "არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ - არა პავლიაშვილის მიმართ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. პარასკევს ტელეკომპანია მე-9 არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის შემკვეთი შესაძლოა, სოსო პავლიაშვილი იყოს. ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის - სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია.
XS
SM
MD
LG