ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, დანაპირები შეასრულოს და 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში პარტიის აქტივისტების სამართლებრივი დევნა შეაჩეროს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების უმრავლესობა საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, 2 ათასზე მეტი უკვე დაიკითხა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მერაბიშვილს კონკრეტული ფაქტები ბრიფინგზე არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის დამატებით მასალებს განსახილველად გადასცემს უწყებათშორის კომისიას. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თქმით, ის პარტიის აქტივისტებს პირადად გაუგზავნის სოლიდარობის და მადლობის წერილებს და საქართველოს სამსახურში დარჩენისკენ მოუწოდებს. ”ისინი არაფერში არ არიან დამნაშავენი და თუ ხელისუფლებას სურს ვინმეს დაკითხვა და ჭეშმარიტების გამოვლენა, პირადად მე ვიყავი ყველაფრის საქმის კურსში და მზად ვარ 2 ათასი ადამიანის მაგივრად გავცე პასუხი ყველა შეკითხვას”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ამზადებს და დიპლომატიურ კორპუსს ხვალ გაუგზავნის ძალადობის და პოლიტიკური ზეწოლის ამსახველ წერილს.
ყველაზე პოპულარული
1