Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა


საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების და თანამდებობის მოქმედი თუ ყოფილი პირების ფუფუნებისთვის "შოკისმომგვრელი თანხები" იხარჯებოდა - ამის შესახებ დღეს განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა. მისი განმარტებით, ამ ყველაფერს ცხადყოფს დოკუმენტაცია, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან გამოითხოვა მას შემდეგ, რაც პროკურატურის დახმარებით ხარჯებს საიდუმლო გრიფი მოეხსნა. იმერლიშვილის ინფორმაციით, მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯები საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. "წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე დაცვის სპეციალური სამსახურიდან თანხები სრულიად არამიზნობრივად იხარჯებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ყოფილი და ამჟამინდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორის, პარლამენტის წევრების საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე”, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. მისივე ცნობით, მთავრობის ყოფილი წევრები და პარლამენტის ყოფილი და ამჟამინდელი დეპუტატები კობა ხაბაზი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი და სხვები ახალ 2013 წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ, რისთვისაც 240 ათასი ლარი დაიხარჯა. ამავე დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, იმერლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ავსტრიის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ კურორტზე წონის დასაკლებ პროცედურებში 115 ათასი ლარი დახარჯეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხით, 982 ლარად შეძენილი ოქროს სამკაულით საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი დაასაჩუქრა.
ამ მონაცემების გამოქვეყნება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა 19 აპრილის აქციისთვის გამიზნულ ბრალდებად შეაფასეს. თავის მხრივ, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საგამოძიებო ორგანოებისგან საქმის შესწავლას ითხოვს.
XS
SM
MD
LG