საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მსოფლიოში არაკეთილგანწყობილი გარემო დახვდა, მაგრამ ახლა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებს ეჭვი აღარ ეპარებათ ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლურობაში. ეს განცხადებები უსუფაშვილმა რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში სტუმრობისას გააკეთა. მათთვის, ვისაც საქართველოს შესახებ მწირი ცოდნა ჰქონდა, ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ომებით გაწამებულ ამ პატარა ქვეყანაში „არსებობდა პროდასავლური ხელისუფლება და შემდეგ ის ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაში ასევე პროდასავლურმა ძალამ დაამარცხა“ – თქვა ჩვენს რადიოსთან საუბარში უსუფაშვილმა და დასძინა: „ვინც საქართველოთი ინტერესდებოდა, მათ წინა ხელისუფლების პროპაგანდით ჰქონდა შეცვლილი წარმოდგენები ქვეყნის თაობაზე.“ თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, უწინდელი სკეფსისი გაქარწყლებულია. „შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ აშშ-ში, ევროპაში, არ მეგულება სერიოზული პოლიტიკოსი, ვინც ფიქრობს, რომ დრო უნდა დახარჯოს იმის კვლევაზე, კოალიცია ‘ქართული ოცნება’ პროდასავლური, პროევროპული და პრონატოურია თუ არა“ – განაცხადა უსუფაშვილმა. ინტერვიუში ის ნაციონალური მოძრაობის წიაღში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. „ხშირად მიწევს იმის თქმა, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, არის ქართული დემოკრატიის ამოცანა“ - თქვა უსუფაშვილმა. „ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს; მაგრამ თავად ნაციონალური მოძრაობა რამდენად გაუძლებს ამ განსაცდელს, არ გადაყვება შიდა გაუგებრობებსა და შეჯახებებს, ჩემი საქმე არ არის. მე ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი ამ პროცესიდან უვნებელი გამოვიდეს და მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ.“
ყველაზე პოპულარული
1