Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: არის ეჭვი, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს


თბილისში, მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი მსვლელობა დასრულდა აქციის 15-მდე მონაწილის დაკავებით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდების საფუძველზე. სამართალდამცავებმა აქტივისტები დაკავებიდან ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 მაისს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება, თუ რა ტიპის ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული აქციის მონაწილეთა მიმართ. შემთხვევას გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ: „ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალიდან შესაძლოა იკვეთებოდეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საია მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება“. დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო შეშფოთებას გამოხატავს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი".
XS
SM
MD
LG