საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა სოფლის მეურნეობის მინისტრის თხოვნა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. დავით კირვალიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დაკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საწარმო ,,მექანიზატორის" თანამდებობის 5 პირი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დავით კირვალიძემ, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მცირე ხნით იმყოფებოდა და მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება აცნობა, ჟურნალისტებს განუმარტა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. ”ვთხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ, ანუ გადავდგე, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა”, - განაცხადა დავით კირვალიძემ. მთავრობის კანცელარიიდან კირვალიძე მივიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც თანმაშრომლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმყოფებოდა და დავით კირვალიძეს შეხვდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მთავრობის სხდომაზე საუბარი ვერ მოასწრეს და იმის გამო, რომ მივლინებით მიემგზავრება, დავით კირვალიძესთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაწყვიტა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დავით კირვალიძის გადადგომას განიცდის მთავრობის ყველა წევრი, პირველ ყოვლისა კი პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.
პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა დავით კირვალიძის თხოვნა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ
ყველაზე პოპულარული
1