Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართული აქციის ერთი მონაწილე დააკავა


პოლიციამ ერთ პირი დააკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის პირველ კორპუსში სტუდენტებთან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულ რევაზ რევაზიშვილს სასამართლოში გადაიყვანენ. დაკავებული პირი პოლიტპატიმრებსა და მათ მხარდამჭერებთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომლის ორგანიზატორმა მელორ ვაჩნაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რევაზიშვილის მხრიდან იყო გადაცდომა და ის მზად არის ადმინისტრაციული წესით პასუხი აგოს. მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში არ შესულა მთავარი შესასვლელიდან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტების ნაწილი შეიკრიბა აქციაზე, დევიზით "უნივერსიტეტი ხალხს ეკუთვნის." აქციის მონაწილე სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე და მისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ. პრეზიდენტთან დახურულ შეხვედრაში მონაწილეებს, რომლებიც წინასწარ დარეგისტრირდნენ, მწვავე შეკითხვებისკენ გარეთ დარჩენილი სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან მოუწოდებდნენ. პირველი კორპუსის მეორე შესასვლელთან, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლა, შეკრებილი იყვნენ პოლიტპატიმრები, რომლებიც შეხვედრაზე დასწრებას მოითხოვდნენ და პრეზიდენტს სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
XS
SM
MD
LG