Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონმა და პუტინმა სირიის კონფლიქტზე იმსჯელეს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში ვიზიტით მყოფ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, დევიდ კამერონთან ერთად განიხილა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის შესაძლო გზები და ერთობლივი ზომები. ლიდერების შეხვედრა სოჭში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, „პრაქტიკული ნაბიჯები“ განვიხილეთო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. კამერონის თქმით, ორივე ქვეყანამ უნდა იაქტიუროს კონფლიქტისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის საქმეში. ბრიტანეთი სირიის მეამბოხეებს უჭერს მხარს და სურს მოიხსნას ევროკავშირის მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგო, რუსეთი კი დიდი ხანია სირიის რეჟიმის მოკავშირე და მისთვის იარაღის მიმწოდებელია. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს სირიას მიჰყიდოს S-300 ხმელეთი-ჰაერის სარაკეტო სისტემები, როგორც ეს აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ითქვა. ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა თქვა, მოსკოვი მხოლოდ უკვე არსებულ კონტრაქტს ასრულებს და სირიისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული იარაღის მიწოდების პროცესს ამთავრებსო. სირიის კონფლიქტი ორი წელია მიმდინარეობს და მას, როგორც აფასებენ, 70,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG