Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდში აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა სამიტს დაესწრო


საქართველოს პრეზიდენტმა ტაილანდის სამეფოში მონაწილეობა მიიღო აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა სამიტში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამიტის მუშაობის პარალელურად შეხვდა ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრს და მიანმის, პაპუა-ახალი გვინეისა და ირანის ვიცე პრეზიდენტებს. ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრებისას საუბარი იყო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე. პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა თავად მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკომენტარიც. ”შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, რას დავდევთ ყველა ამ ქვეყანას, რომლის სახელიც შეიძლება, ქართველების უმრავლესობას არც კი გაგვიგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს თითო ხმა გაეროში”, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასაკანონებლად რუსეთს სჭირდება გაეროს წევრების რაც შეიძლება მეტი ხმა და ამიტომ მთელ მსოფლიოში ”აწარმოებს წარმოუდგენელ დიპლომტიურ მცდელობებს” და ”დაშინებას, დარწმუნებას და მოსყიდვას.” სააკაშვილის შეფასებით, ამ პროცესის შესაჩერებლად საქართველოს წინა წლებში დიდი წარმატებები ჰქონდა და ეს პროცესი პრაქტიკულად ბოლომდე დაიბლოკა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ წინა წლებში მიღწეულ შდეგებს სჭირდება ერთობლივად შენარჩუნება და წინსვლა, რასაც ვერ წაადგება, და მხოლოდ პუტინის და ლავროვის პოზიციებს გააძლიერებს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობების მხარეებად გამოცხადება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ მასთან ერთად ტაილანდში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც უნდა იმყოფებოდნენ. მან იგივე განაცხადა 19 მაისსაც და დასძინა, რომ ტაილანდის სამიტის შესახებ სამინისტრო რამდენიმე თვით ადრე იყო ინფორმირებული. მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიემგზავრება ეკვადორში, სადაც ასევე იქნებიან რისკ-ჯგუფის ქვეყნების დელეგაციები და საერთო პოზიციის გამოსახატავად ეკვადორში ჩასვლა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც შესთავაზა.
XS
SM
MD
LG