Accessibility links

ახალი ამბები

ჯონ მაკკეინი სირიაში მეამბოხეებს შეხვდა

ამერიკელი რესპუბლკიელი სენატორი, ჯონ მაკკეინი ორშაბათს თურქეთიდან სირიაში, მეამბოხეთა კონტროლქვეშ მყოფ არალში ჩავიდა და იქ სირიელ მეამბოხეებს შეხვდა. სირიაშიმაკკეინმა დაჰყო რადენიმე საათი და სირიის თავისუფალი არმიის გენშტაბის მეთაურს, სალიმ იდრისს, ასევე სხვა სამხედრო მეთაურებს შეხვდა. მაკკეინი, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელია, ვინც სირიელ მეამბოხეებს ეწვია, აშშ-ის უფრო აქტიური როლის მომხრეა სირიის კონფლიქტში.

ყველა ახალი ამბავი

რუსეთში პატიმრობა გაუგრძელეს ქერჩის სრუტესთან დაკავებულ ყველა უკრაინელ მეზღვაურს

დაპატიმრებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოსკოვის სასამართლოს შენობაში.

მოსკოვში სასამართლომ აპრილამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა კიდევ ოთხ კაცს ქერჩის სრუტესთან ნოემბერში დაკავებული 24 უკრაინელი მეზღვაურიდან. ამგვარად, კონფლიქტის მონაწილე ყველა უკრაინელი მესაზღვრე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შუამავლობით, სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში ტარდება. უკრაინელ მეზღვაურებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ექვს „ოთხეულად“ არიან განაწილებული, სხდომები იმართება ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს სამ დარბაზში.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ხომალდებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს და დააკავეს ისინი, ისევე როგორც მათზე მყოფი მეზღვაურები. უკრაინა მომხდარს აგრესიის აქტად მიიჩნევს.

ზალკალიანი: გვახარებს უკრაინის ნაბიჯი, ავტოკეფალიის აღიარება ეკლესიის გადასაწყვეტია

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისადმი დამოკიდებულება პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

„ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამას არა მარტო დეკლარაციულად, არამედ საქმითაც ვადასტურებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა. შეკითხვას, რატომ იკავებს თავს მთავრობა უკრაინას მიულოცოს ეკლესიის ავტოკეფალია, ზალკალიანმა უპასუხა: “ეს არის თავშეკავება? არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა. ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ.“ ამასთან, მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, მიულოცა თუ არა უკრაინას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს“ - განაცხადა განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კენიაში 15-მდე გაიზარდა ფეშენებელურ კომპლექსზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

კენია, 2019 წლის 15 იანვარი: სპეცდანიშნულების შენაერთის წევრები ნაირობიში მომხდარი თავდასხმის ადგილთან

კენიელი ოფიციალური პირების განცხადებით, 15-მდე გაიზარდა დედაქალაქ ნაირობიში ფეშენებელურ სასტუმრო და საოფისე კომპლექსზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი.

სამშაბათის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ჯგუფმა, სომალიში დაფუძნებულმა „ალ-შაბაბმა“.

ნაირობიში სასტუმრო და საოფისე კომპლექსზე თავდასხმის დაწყებიდან 11 საათის შემდეგაც ისმოდა სროლა და გაისმა, სულ ცოტა, ერთი აფეთქების ხმა.

მანამდე კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრედ მატიანგიმ გამოაცხადა, რომ კონტროლი ყველა შენობაზე იქნა აღდგენილი და განხორციელდა ათობით ადამიანის ევაკუაცია. მას არაფერი უთქვამს თავდამსხმელების ადგილსამყოფელზე.

მონტენეგროში პატიმრობა მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელიც ბალკანეთში იარაღის კონტრაბანდის თემაზე მუშაობდა

მონტენეგროში სასამართლომ 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა გამომძიებელ ჟურნალისტ იოვო მარტინოვიჩს, რასაც მედიის თავისუფლების დამცველები „საშინელ უსამართლობად“ მიიჩნევენ. მარტინოვიჩი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს.

ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია დამნაშავეობის თემაზე ადგილობრივ და უცხოეთის მედიაში გამოქვეყნებული მასალებით, საფრანგეთის ტელევიზიის დაკვეთით აწარმოებდა გამოძიებას, როცა ის 2015 წლის ოქტომბერში დააკავეს. ჟურნალისტური გამოძიების თემა იყო იარაღის კონტრაბანდა ბალკანეთში.

მარტინოვიჩმა 15 თვე დაჰყო წინასწარი დაკავების იზოლატორში, ვიდრე თავდებით გაათავისუფლებდნენ.

ჟურნალისტი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფებთან მისი ყველა კონტაქტი პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. გამასამართლეს იმის გამო, რომ ჟურნალისტი ვარო, თქვა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მარტინოვიჩმა, რომელიც განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტერთან შექმნილ ვითარებას ეხმაურება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ეხმაურება ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებას და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია და ჯვრის მონასტერი ღიაა ტურისტებისა და მომლოცველებისათვის, უწყება აპირებს მოაწესრიგოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, რათა გარემოვაჭრეთა საქმიანობა მოექცეს „ცივილიზებულ გარემოში“:

„ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება“ - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

ჯვრის მონასტერი ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით. ის და საპატრიარქო მონასტრის დაკეტვის მთავარ მიზეზად ასახელებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას.

ლავროვის აზრით, აშშ ძირს უთხრის "სტრატეგიულ სტაბილურობას"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, აშშ-ს ადანაშაულებს შეიარაღებაზე ხელშეკრულებათა სისტემის მოშლის მცდელობაში და აცხადებს, რომ მოსკოვს სურს გააგრძელოს ძალისხმევა ბირთვულ იარაღზე ხელშეკრულების (INF) შესანარჩუნებლად.

ლავროვმა 16 იანვარს მოსოკოვში, ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა აზრით, რომ ვაშინგტონის ცალხმრივი მოქმედებები მიმართულია სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების“ განადგურებისაკენ.

მისი თქმით, ეს მიზანი „ძალიან მკაფიოდ დადასტურდა“ ჟენევაში წინა დღეს გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხებოდა მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას. ლავროვის თქმით, აშშ-მა უგულებელყო მოსკოვის განმარტება რაკეტის შესახებ, რომლის არსებობაც, ვაშინგტონის აზრით, არღვევს 1987 წელს ხელმოწერილ ორმხრივ ხელშეკრულებას.

გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი 60 დღეში გავა ხელშეკრულებიდან, თუ რუსეთი ბოლოს არ მოუღებს მის დარღვევას.

კობახიძე: საქართველოს ოკუპირებული რეგიონები გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა პარიზში, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. კობახიძის განცხადებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და შექმნილი აქვს მარიონეტული, ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. “ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება, მიზანმიმართულად, ქართული კვალის წასაშლელად დაანგრიეს ქართული სოფლები, იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს, გაბატონებულია დაუსჯელობა და ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ“ - განაცხადა კობახიძემ. მან დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით უნდა მოგვარდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას უკვე წლებია, რუსეთის მიმართ აქვს პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია, რადგან რუსეთი არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით, 2008 წელს ხელმოწერილ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ოსი აქტივისტი სასამართლოს მიმართავს პუტინის „შელახული პატივის აღდგენის“ მოთხოვნით

აქტივისტი ჩრდილოეთ ოსეთიდან, არტურ ბესტაევი სასამართლოს მიმართავს „ვლადიმირ პუტინის შელახული პატივის აღდგენისა“ და საამისოდ ცნობილი ჟურნალისტის, იური დუდის 100 მლნ რუბლით დაჯარიმების მოთხოვნით. ბესტაევი ამჟამად დონის როსტოვში ცხოვრობს.

აქტივისტმა საჩივარი შეიტანა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულ სასამართლოში დუდისა და მისი თანამოსაუბრის, ტელეწამყვან ანასტასია ივლეევას წინააღმდეგ.

„ივლეევამ დუდთან ინტერვიუს დროს 58-ე წუთზე დასმულ შეკითხვას: „პუტინის წინ რომ აღმოჩნდე, რას ეტყოდიო? უპასუხა: შე *******? რუსეთისა და დედამიწაზე მშვიდობისათვის პრეზიდენტის შრომის, დამსახურებებისა და მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი გამონათქვამები ვლადიმირ პუტინის მისამართით“, წერს ბესტაევი პეტიციაში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

პეტიციას ხელი მოაწერა სულ 15-მა ადამიანმა, ამიტომ ბესტაევმა გადაწყვიტა სასამართლოსათვის მიემართა პუტინის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით.

რადიო თავისუფლების პროექტმა „კავკაზ.რეალიი“ დაადგინა, რომ ადრე ბესტაევი მონაწილეობდა რუსეთის მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ როსტოვის პრაიმერში, აგრეთვე კონკურსში „რუსეთის ლიდერები“.

ბათუმის მერია საგანგებო რეჟიმით მუშაობს

ძლიერი ქარის გამო საგანგებო ვითარებაში მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ქალაქ ბათუმის მერია. ზოგიერთ ქუჩაზე ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და მინები ჩაამსხვრია. მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა ფანჯრები და წაიქცა ღობეები, რომლითაც სამშენებლო ტერიტორია იყო შემოსაზღვრული. ძლიერმა ქარმა ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე დააზიანა მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები და მოგლიჯა ხეები. 13 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 37 შეტყობინება მიიღო.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სამშენებლო მასალის გადმოცვენის საფრთხის გამო, საპატრულო პოლიცია დროებით კეტავს ქუჩებს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. დაიკეტა ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი, სადაც ოთხსართულიან სახლზე დაშენება ქმნიდა საფრთხეს და ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი, სადაც საფრთხის შემცველია 9 სართულიან სახლზე არსებული დაშენების გადახურვა. 4 იანვარს, ძლიერი ქარის დროს სწორედ ამ შენობიდან ჩამოვარდნილი სახურავის ნაწილმა იმსხვერპლა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე.

„დაარეგულირე სიცოცხლე“ - ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე აქცია გაიმართა

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ორი დღის წინ ავტოავარიას ემსხვერპლა სამი ახალგაზრდის სიცოცხლე, საინიციატივო ჯგუფმა გამართა აქცია სახელწოდებით „დაარეგულირე სიცოცხლე“. აქციის მონაწილეები შსს-სა და საგზაო დეპარტამენტს მოუწოდებენ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ 8 კილომეტრიან გზაზე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, კამერები და დაიდგას საგზაო ნიშნები: „კეთილი ინებეთ, შეიწუხეთ თავი და გაატარეთ რეალური პოლიტიკა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა. დაარეგულირეთ ეს გზა, რადგან მსგავსი ტრაგედიებისგან ვიყოთ დაცული“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აკაკი საღინაძე.

აქციის მონაწილეთა თქმით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოავარიები ხშირად ხდება. 14 იანვარს მომხდარ ბოლო შემთხვევას 19 წლის სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილი ღამის განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პუტინის აზრით, აშშ ბალკანეთში დესტაბილიზაციას იწვევს

ბელგრადი, 2018 წლის 15 იანვარი: პუტინის გამოსახულებიანი პლაკატი სერბეთში მისი ვიზიტის მოახლოების ფონზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, აშშ ბალკანეთში დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში თავისი „დომინანტური როლის“ შესრულებით. ამ შინაარსის განცხადება პუტინმა გააკეთა სერბეთის გაზეთებთან („ვეჩერნიე ნოვოსტი“ და „პოლიტიკა“) ინტერვიუში, სერბეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები კრემლის ვებსაიტზეც გამოქვეყნდა.

სერბ ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა გაიხსენა კოსოვოს ომის დროს, 1999 წელს ნატოს მიერ სერბიის დაბომბვა, ისევე როგორც 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობენ სერბეთი და მისი ტრადიციული მოკავშირე რუსეთი.

პუტინის აზრით, ბალკანეთის „დესტაბილიზაციის სერიოზული ფაქტორია“ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ზოგი სხვა ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რეგიონში დომინანტური როლის შესრულებისაკენ. პუტინმა ახსენა მონტენეგროც, რომელიც, მისი აზრით, ძალით გახადეს ნატოს წევრი.

"ევროპული საქართველო" მოითხოვს პარლამენტმა რეზოლუციით უარყოს "მოსამართლეთა სია"

დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა გაწვევას. პარტიის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ რეზოლუციით პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად უნდა მიმართოს და მოუწოდოს, გაიწვიოს ყოველგვარი განხილვის და კრიტერიუმების გარეშე წარმოდგენილი სია და ახალი სია მოამზადოს კრიტერიუმების შესაბამისად. ოპოზიციურმა პარტიამ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად შეიმუშავა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც. საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უნდა იყოს დამაბრკოლებელი კრიტერიუმი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის გამწესებისთვის, ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს გარანტირებული დრო კანდიდატებთან გასაუბრებისთვის, პლენარულ სხდომაზეც კანდიდატებს დაესვათ შეკითხვები და იუსტიციის საბჭოს დისკრეცია უნდა მოეხსნას.

ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა ძლიერი ქარის შედეგად

ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოაგდო ორი ადამიანი, რომლებიც დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძლიერმა ქარმა ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ქარის შედეგად დაზიანებულია მუნიციპალური ტრანსპორტისთვის განკუთვნილი მოსაცდელი, საგზაო ნიშნები და სარეკლამო ბანერები. ხუთ ბალამდე შტორმია ბათუმის სანაპიროზე.

იანვრის დასაწყისში, ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის ჩამოვარდნას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კალაძემ თბილისის მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდა ყურადღებით იყვნენ კორუფციასთან ბრძოლაში

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „წლის დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამაზე და ახლაც მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ თქვენს სამსახურებში ყველა გააფრთხილოთ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუ რაიმე კორუფციის ნიშნები იქნება შემჩნეული, ვიქნებით უმკაცრესები“ - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ. მერის თქმით, მისი თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ და აკეთონ საქმე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. „თუ ვინმეს რაიმე პრობლემა გააჩნია, მზად ვართ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, გვერდით დავუდგეთ, მაგრამ ეს კორუფციისა და გადაცდომის სახით არ უნდა ხდებოდეს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან მკაცრები“, - განაცხადა კალაძემ

ჯვრის მონასტერი დამთვალიერებლებს ისევ გაუხსნეს

ჯვრის მონასტერი

დღეს დილით გაიხსნა მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელიც მრევლისა და ტურისტებისთვის 14 იანვარს დაკეტა ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა. მიზეზად დასახელდა მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით გააგრძელებენ საქმიანობას გარემოვაჭრეები.

15 იანვარს საღამოს საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.“ საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, „ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას.“

ვინ დაკეტა მონასტერი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

ვერაზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს

პოლიციელებმა თბილისის ცენტრში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული გ.ა. დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1986 წელს დაბადებული კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

შსს-ს განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.“ შსს-ს ცნობითვე, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა გ.ა, რომელიც თავადაც დაჭრილია, საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გ.ა-ს დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. . გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსით, განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება 7-დან 15 წლამდე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ვერაზე მომხდარი ინცინდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე თამაში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის „დიდი სლემის“ პირველ ტურნირზე მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში მსოფლიოს რეიტინგის ასეულს მიღმა მყოფ იტალიელ სტეფანო ტრავალიას დაუპირისპირდა და სამსაათიან შეხვედრაში აჯობა, ანგარიშით 3:6 6:3 3:6 6:4 6:3.

ტრავალიასთან მოგებით ბასილაშვილმა მელბურნში შარშან მოპოვებული 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა. ამასთან, 105 ათასი ამერიკული დოლარიც გამოიმუშავა და მსოფლიოს „ლაივ რეიტინგში“ მე-18 ადგილამდე დაწინაურდა.

მეთექვსმეტედფინალში 26 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-15 ნომერს - ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. თამაში 18 იანვარს გაიმართება.

პუტინისთვის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია პოლიტიკური პროექტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტიმა პოლიტიკური პროექტი უწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას. „2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ, რომელსაც მხარს აქტიურად უჭერენ აშშ და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ჩაატარა ე.წ. გამაერთიანებელი კრება, მასზე გამოცხადდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა და 2019 წლის 6 იანვარს, პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა ტომოსს ავტოკეფალიის შესახებ“ - განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემებთან ინტერვიუში. რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, ეს იყო უკრაინაში არსებული გათიშული თემების ლეგალიზაციის მცდელობა სტამბოლის იურისდიქციის ქვეშ, რაც მართლმადიდებლური კანონების უხეში დარღვევა. "თუმცა, ეს ნაკლებად აღელვებთ უკრაინის ხელისუფლებას და აშშ-ს, რადგან ახალი საეკლესიო სტრუქტურა მხოლოდ პოლიტიკური, საერო პროექტია და მისი მთავარი მიზანია რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფა და არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივება“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, შემთხვევითი არ იყო კიევის განცხადება მოსკოვისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ.

პუტინის განცხადებითვე, რეალურად საუბარია არა სასულიერო ცხოვრებაზე, არამედ საშიშ და უპასუხისმგებლო პოლიტიკანობაზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საუბარი არ არის არც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობაზე, რადგან სინამდვილეში მას სრულად აკონტროლებს სტამბოლი. პუტინის შეფასებითვე, სრულიად დამოუკიდებელია უკრაინის უდიდესი, კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მსოფლიო პატრიარქისთვის ავტოკეფალიისთვის არ მიუმართავს და კანონიკურ კავშირს ინარჩუნებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პუტინის მტკიცებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს და მრევლს დევნიან და ტაძრებს ართმევენ, რაც დაძაბულობას ზრდის და უკრაინის საზოგადოება მიჰყავს კიდევ უფრო დიდი განხეთქილებისკენ. პუტინის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ სხვის ტაძრებში მორწმუნეების ძალით შეყრას სერიოზული შედეგები ექნება, მაგრამ მზად არის კონფესიათაშორისი თანხმობა მსხვერპლად შეწიროს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიას. „რა თქმა უნდა, რუსეთი არ აპირებს საეკლესიო პროცესებში ჩარევას, მით უმეტეს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რას საფრთხეს ქმნის, მათ შორის მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის, მსგავსი ექსპერიმენტები და რელიგიურ საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა“ - განაცხადა პუტინმა სერბულ გამოცემებთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ვენესუელის პრეზიდენტი უზურპატორად გამოაცხადეს

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პარლამენტმა უზურპატორად გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო. პარლამენტი, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციაა, ძალის არმქონედ მიიჩნევს სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ნიკოლას მადუროს, რომელიც ვენესუელას 2013 წლიდან მართავს, ოპოზიცია ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციამ ნიკოლას მადურო დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. ეს პოზიცია გაიზიარეს და არჩევნების შედეგები არ ცნეს დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობამ. აშშ-მა ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. მადუროს პრეზიდენტობას ლეგიტიმურად მიიჩნევენ რუსეთი, ჩინეთი, კუბა და სალვადორი. ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაში, რომელიც კარაკასში 10 იანვარს გაიმართა, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდნენ. საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

15 იანვარს, ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ განიხილავს ვენესუელის ლეგიტიმურ მეთაურად პარლამენტის თავმჯდომარის ხუან გუაიდოს აღიარების შესაძლებლობას. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, ვაშინგტონი არ გამორიცხავს კარაკასის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებასაც, კერძოდ, ვენესუელის ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებას. ნიკოლას მადურო აგრძელებს მისი წინამორბედის, 2013 წელს გარდაცვლილი უგო ჩავესის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩავესი უწოდებდა „ბოლივარიულ სოციალიზმს.“ ამ პოლიტიკის შედეგად, ვენესუელაში უკვე წლებია ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისია. 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა მილიონ პროცენტს გადააჭარბა.

ექსტრემისტებმა შვიდი ადამიანი მოკლეს კენიაში სასტუმრო და საოფისე კომპლექსზე თავდასხმისას

ნაირობი, ექსტრემისტების თავდასხმის ადგილი 2019 წლის 15 იანვარს

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ექსტრემისტები თავს დაესხნენ ფეშენებელურ სასტუმრო და საოფისე კომპლექსს, მოკლეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

ძალადობაზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“. კენიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრედ მატიანგიმ თავდასხმიდან შვიდი საათის შემდეგ გამოაცხადა, რომ კონტროლი ყველა შენობაზე იქნა აღდგენილი და განხორციელდა ათობით ადამიანის ევაკუაცია. მას არაფერი უთქვამს თავდამსხმელების ადგილსამყოფელზე.

ბრიტანეთის პარლამენტი იმსჯელებს ტერეზა მეის მიმართ ნდობის საკითხზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი

ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა პარლამენტს მიმართა წინადადებით გაერთიანებული სამეფოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. ამ საკითხზე კენჭისყრა ოთხშაბათ საღამოს გაიმართება. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაყენება ემუქრება.

გასული წლის დეკემბერში კონსერვატიულ პარტიაში გაიმართა კენჭისყრა მეის მიმართ ნდობის საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა გაიმარჯვა, თუმცა ხმების მხოლოდ მცირე უპირატესობით.

სამშაბათს თემთა პალატაში დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ, უარყვეს ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კანონმდებლებმა ასევე უარყვეს შესწორება, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთს შეუძლია ცალმხრივი წესით უარყოს ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის შესახებ. „ბრექსიტის“ შემთხვევაში, ჩრდილოეთი ირლანდია, როგორც გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილი, ევროკავშირს ტოვებს, ხოლო ირლანდია ევროკავშირში რჩება.

თემთა პალატაში კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება.

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს განმარტოს შემდეგი ნაბიჯები

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პრესმდივანი სინანულით გამოეხმაურა ბრიტანელი კანონმდებლების მიერ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის "ბრექსიტის" გეგმის უარყოფას:

"სინანულით ვხვდებით კენჭისყრის შედეგს და ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ახლა. ევროკავშირი-27 დარჩება ერთიანი და პასუხისმგებლობის განცდით, ისე, როგორც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვიყავით და ვეცდებით შევამციროთ ბრექსიტით გამოწვეული ზიანი. გავაგრძელებთ მზადებას ყველა შედეგისთვის, მათ შორის [ევროკავშირიდან ბრიტანეთის] შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარისთვის. ამ კენჭისყრით გაიზარდა უწესრიგო გასვლის საფრთხე, ჩვენ, ცხადია არ გვსურს ეს მოხდეს, მაგრამ ამისათვისაც მზად ვიქნებით" - ამბობს ტუსკის პრესმდივანი და დასძენს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ბრიტანეთის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას, რადგან "ეს შეთანხმება არის და რჩება ერთადერთ გზად, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წესრიგიანობას უზრუნველყოფს".

ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება.

ბრიტანელმა კანონმდებლებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის "ბრექსიტის" გეგმა

ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.

კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.

ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება. მეის გეგმას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მათ შორის მისივე პარტიიდან - რომლებიც თვლიან, რომ გეგმა ბრიტანეთს კვლავ დააკავშირებდა ევროკავშირის წესებთან და მას საშუალებას არ მისცემდა ეწარმოებინა დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები კი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება უარესია, ვიდრე ამჟამინდელი ვითარება, რომელშიც ბრიტანეთს წევრის სტატუსით აქვს ევროკავშირში ეკონომიკური კავშირები. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები რეფერენდუმის ხელახლა გამართვას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც 2016 წლის რეფერენდუმში უმრავლესობა მიემხრო „ბრექსიტს“.

შსს: ვერაზე მომხდარი ინცინდენტისას ორი პირია დაჭრილი

შსს რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილია ორი პირი. თუ რა სახის დაზიანებები აქვთ მათ მიყენებული და ვინ არიან ისინი, ამ ინფორმაციას შსს ამ ეტაპზე არ ავრცელებს. როგორც უწყების პრესსამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ოფიციალურ განცხადებას უწყება მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც მეტი დეტალი გახდება მათთვის ცნობილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

15 იანვარს, 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ვერაზე მომხდარი ინცინდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:41 0:00

აშშ: რუსეთი „არსებითად არღვევს“ ბირთვულ იარაღზე ხელშეკრულებას

აშშ-ის განცხადებით, რუსეთი კვლავინდებურად „არსებითად არღვევს“ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. აშშ-ის ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისევ ვერ მიაღწიეს პროგრესს ორმხრივ მოლაპარაკებაზე, რომლის მორიგი რაუნდი 15 იანვარს ჟენევაში გაიმართა.

შარშან ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გავა, თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომპსონი თავის განცხადებაში საუბრობს შეხვედრით „იმედგაცრუებაზე“. როგორც ტომპსონი აღნიშნავს, მისი დელეგაციის გზავნილი მკაფიო იყო: რუსეთმა უნდა გაანადგუროს სარაკეტო სისტემები, რომლებითაც არღვევს ხელშეკრულებას:

ჟენევის შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. მისი თქმით, პასუხისმგებლობა „მთლიანად ეკისრება ამერიკის მხარეს“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG