Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ბავშვები და მათი სათამაშოები


"როცა ტოსკანაში ჩემი ახლო მეგობრის ქალიშილს გადავუღე ფოტო, მივხვდი, რომ რაღაც საინტერესოსთან მქონდა საქმე", ამბობს იტალიელი ფოტოგრაფი გაბრიელე გალიმბერტი. „მათ სახლში მივედი და ვნახე, რომ ბავშვი ძროხებთან თამაშობდა. სიტუაცია ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და გადავწყვიტე, მისთვის ფოტო გადამეღო, სათამაშოებისა და ძროხების გარემოცვაში,“ დასძენს ფოტოგრაფი.

შედეგმა ისე დააკმაყოფილა, რომ ამის შემდეგ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას გადაწყვიტა, გადაეღო ბაშვები საკუთარ სათამაშოებთან ერთად. შედეგად მივიღეთ პროექტი „სათამაშოების ამბები“ - თბილი, იუმორიანი მზერით დანახული ბავშვობა.

გალიმბერტის თქმით, სანამ ის ბავშვებს თავიანთი სათამაშოების ჩვენებას სთხოვს, სულ ცოტა ერთი საათით მაინც დასეირნობს ხოლმე მათთან ერთად, რათა მათი ნდობა მოიპოვოს. ყოველი ფოტოს გადაღებისთვის რამდენიმესაათიანი მომზადებაა საჭირო.

როგორც ჟურნალ “The Times Magazine”-ს უთხრა გალიმბერტიმ, სათამაშოები ბევრს მეტყველებს როგორც თავად ბავშვებზე, ისე მათ მშობლებზე. მაგალითად, ლატვიელი ტაქსის მძღოლი თავის შვილს მინიატურულ მანქანებს ჩუქნიდა, იტალიელი ფერმერის ქალიშვილმა კი ფოტოსესიისთვის ბაღის სათამაშო იარაღები გამოიტანა.

გალიმბერტი, რომელიც თვითონ უშვილოა, ამბობს, რომ არაერთი გაკვეთილი ისწავლა ბავშვებზე ფოტოსერიის გადაღებისას. პირველი გაკვეთილი ის იყო, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს, როცა ერთ მშვენიერ დღეს თვითონ გახდება მშობელი. „უმეტეს შემთხვევებში ბავშვებს სათამაშოებს მშობლები ურჩევენ,“ ამბობს ის. „ახლა უკვე ვიცი, როგორი მინდა და არ მინდა ვიყო, როცა მშობელი ვიქნები.“

მეორე მხრივ, მან ისწავლა, რომ ყველაზე ღარიბი ბავშვები ხშირად ყველაზე კეთილებიც არიან. „უდიდესი სიურპრიზი იყო იმის აღმოჩენა, რომ ღატაკ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები უფრო გულუხვები არიან და სრულიად არ არიან ძუნწები თავიანთ სათამაშოებთან მიმართებაში. მდიდარ ქვეყნებში ბავშვები ბევრად უფრო ძუნწები არიან,“ ამბობს ფოტოგრაფი.

გალიმბერტის ნამუშევრები უფრო სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ მის ვებსაიტზე.


XS
SM
MD
LG