Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის მთავარი თემებიც იყო ავღანეთში ქართველ სამხედროებზე 6 ივნისს განხორციელებული თავდასხმა და თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველ ვიდეო-რგოლებთან დაკავშირებული საფრთხე. მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო უშიშროების საბჭოს ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე სხდომა. მას არც ამჯერად დასწრებია პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საბჭოს ფუნქციას და ქმედითუნარიანობას. ხოლო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პოზიტიური მოვლენაა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები განახლდა. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ფორმატი, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ რაღაც პიროვნული ემოციების, ანტიპატიების, თუნდაც პიროვნული ზიზღის და დაპირისპირების ზემოთ იმიტომ, რომ საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“, განაცხადა პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე. მთავრობის წევრებიდან, უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა მინისტრები. დანარჩენ მონაწილეებს შორის იყვნენ გაერთიანებული შტაბის უფროსი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე, დაზვერვის სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.
XS
SM
MD
LG